ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას ის X-ზე ავრცელებს:
“უკრაინაში ვარ, რათა უბრალო გზავნილი გადავცე, ჩვენი მხარდაჭერა არ უნდა შესუსტდეს და არ შესუსტდება. ყველა უკრაინელს: ბრიტანეთი თქვენთან არის, ვიდრე ეს საჭირო იქნება”, – წერს სუნაკი.
ცნობილია, რომ სუნაკი კიევში სამხედრო დახმარების ახალ, 2.5 მილიარდი ფუნტის ღირებულების (3 მილიარდ დოლარზე მეტის) პაკეტს გამოაცხადებს. ეს 200 მილიონი ფუნტით მეტია წინა ორ წელთან შედარებით.
დიდი ბრიტანეთის პრემიერი კიევში უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის პირადად შეხვდება.
თანხების ნაწილის დახარჯვა იგეგმება უკრაინისთვის დრონების შეძენასა და წარმოებაზე. მათ შორის სადაზვერვო, თავდასხმისა და საზღვაო დრონები. გარდა ამისა, საუბარია შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საარტილერიო ჭურვების მიწოდებაზე.
სუნაკი ზელენსკისთან ერთად ხელს მოაწერს უსაფრთხოების თანამშრომლობის შეთანხმებას, რაც გულისხმობს დაზვერვის გაზიარებას, სამედიცინო და სამხედრო მომზადებას და თავდაცვით-სამრეწველო თანამშრომლობას.