ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ თანათავმჯდომარეების – დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ხელმძღვანელებმა 13 აგვისტოს გამართული ვირტუალური შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის გზაზე საკუთარი პოზიცია გამოთქვეს.
„უკრაინას უნდა ჰქონდეს მტკიცე და სანდო უსაფრთხოების გარანტიები, რათა ეფექტიანად დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული
მთლიანობა“, – ნათქვამია ერთობლივ დოკუმენტში, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა გამოაქვეყნა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის ალასკაში დაგეგმილ სამიტამდე ორი დღით ადრე.
დოკუმენტის ავტორების თანახმად, „მსურველთა კოალიცია მზადაა, აქტიური როლი შეასრულოს, მათ შორის მათი გეგმების ჩარჩოებში, რომლებიც მზად არიან საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ შემაკავებელი ძალების განლაგებისთვის”.
„არანაირი შეზღუდვა არ უნდა დაწესდეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე ან მესამე ქვეყნებთან მის თანამშრომლობაზე. რუსეთს არ შეუძლია ვეტოს დადება უკრაინის ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე“, – წერია „მსურველთა კოალიციის“ განცხადებაში.
“კოალიციაში” ამ სამ სახელმწიფოსთან ერთად შედიან თვითონ უკრაინა, თურქეთი, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ასევე ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნები.
13 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საუბრები გამართა ევროპის ქვეყნების მეთაურებთან და ევროკავშირის ხელმძღვანელთან. ევროპელ პოლიტიკოსებს ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
15 აგვისტოს აშშ-ში, ალასკაში, დაგეგმილია ტრამპის შეხვედრა
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
ტრამპმა გამოაცხადა, რომ ალასკის სამიტის შემდეგ „სწრაფი“ სამმხრივი შეხვედრა სურს.