ბრიტანეთის პრემიერი, რუანდის კანონპროექტთან დაკავშირებით პარტიული პრობლემის წინაშე დგას

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი საკუთარი პარტიის მემარჯვენე ფრთის ამბოხის წინაშეა, იმ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე, რომელიც თავშესაფრის მაძიებლების რუანდაში დეპორტაციის დაჩქარებას ითვალისწინებს. შექმნილი ვითარება პრემიერ-მინისტრისთვის კრიტიკულ გამოცდას წარმოადგენს.
კონსერვატიული პარტიის ორმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მზად არიან სუნაკის საწინააღმდეგო ამბოხს შეუერთდნენ და სამშაბათს და ოთხშაბათს საპარლამენტო კენჭისყრის წინ, ხმა კანონის გამკაცრებას მისცენ.
სუნაკის პარტია ღრმად არის გაყოფილი კანონპროექტის საკითხზე, რომლის მიზანიცაა თავშესაფრის მაძიებლებს დეპორტაციის სასამართლოში დამატებითი გასაჩივრება დაუბლოკოს. ზოგიერთი კონსერვატორი კანონმდებელი ამბობს, რომ კანონპროექტი ძალიან შორს მიდის და სხვები ამბობენ, რომ ის საკმარისად მკაცრი არაა.
ზოგიერთი კონსერვატორი იმუქრება, რომ კანონპროექტი თუ არ შეიცვლება, თემთა პალატაში საბოლოო საპარლამენტო ეტაპზე, ხმას მთავრობის წინააღმდეგ მისცემს.
სუნაკმა თავისი მთავრობის ცენტრალურ მიზნად, საფრანგეთიდან პატარა ნავებით თავშესაფრის მაძიებლების ქვეყანაში შესვლის შეჩერება დაისახა.
მათი უმეტესობა ამბობს, რომ ახლო აღმოსავლეთიდან, აფრიკიდან და სამხრეთ აზიიდან ომებს და ჩაგვრას გაურბის. ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყანაში შესულთა 90 პროცენტი მამაკაცია და ბევრი მათგანი ეკონომიკური მიგრანტია და არა ნამდვილი ლტოლვილი.