დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა ახალი სახელმძღვანელო სანქციების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მოქმედი ბიზნესების მხარდაჭერას. კერძოდ, სახელმძღვანელო აღწერს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობას სანქციებთან დაკავშირებით და მოიცავს პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომლებიც ბიზნესებს დაეხმარება სანქციებთან დაკავშირებული რისკების მართვასა და შესაბამისობის უზრუნველყოფაში.
საქმე ეხება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს 2022 წელს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ. ცნობისთვის, ბრიტანეთს 2000-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი ჰყავს დასანქცირებული, ასევე შეზღუდვები აქვს დაწესებული რუსეთის მონაწილეობით ვაჭრობასა და ეკონომიკურ აქტივობებზე.
“სახელმძღვანელო გამოქვეყნებულია დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ, რათა დაეხმაროს საქართველოში მოქმედ ბიზნესებს, იცოდნენ: საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობაში იმ შეზღუდვების შესახებ, რომლებიც ეხება დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული პირების ბიზნესის კეთებას; დიდი ბრიტანეთის და სხვა საერთაშორისო ბანკებისა და კომპანიების მიერ მიწოდებულ მომსახურებასა და საქონელზე წვდომის დაკარგვის რისკებს. ეს შეიძლება მოხდეს, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ შესაძლოა საქმე გქონდეთ სანქცირებულ პირებთან ან რუსეთში სანქცირებული საქონლის ექსპორტთან”, – აღნიშნულია სახელმძღვანელოში.
