კინოკრიტიკოსების შეფასებებზე დაყრდნობით, BFI (ბრიტანეთის კინო ინსტიტუტი) 2025 წლის საუკეთესო 50 ფილმის სიას აქვეყნებს, სადაც ორი ქართველი რეჟისორის ნამუშევარია: ალექსანდრე კობერიძის „ხმელი ფოთოლი“ (მე-9 პოზიციაზე) და დეა კულუმბეგაშვილის „აპრილი“ (24-ე პოზიციაზე).
„2025 წლის კინო არ ყოფილა მიმდინარე მოვლენების უტყვი მოწმე. ემიგრანტთა დაკავების ცენტრები, პროტესტი და დაპატიმრებული დემონსტრანტები, ამბოხებულთა განადგურებაზე მომართული ავტორიტარული რეჟიმები, კულტურული ომები და შეთქმულების თეორიები. კრიტიკოსების ამ რჩეულ ფილმებში ფონი ახალი ამბების ჯაჭვიდან შერჩეულს ჰგავს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმებზე მუშაობა დიდი ხნით ადრე დაიწყო, ბევრმა მათგანმა ასახა წლის შემზარავი მოვლენები“, — ამ სიტყვებით იწყება BFI-ს 2025 წლის საუკეთესო ფილმების სიის წარდგენა.
„ჯანყი ბევრ მათგანში ფეთქავს“ — წერს BFI-ს ერთ-ერთი ავტორი იზაბელ სტივენსი, — „მიუხედავად ზოგადი დისტოპიური განწყობისა, ამ წლის კინო თან ცდილობს, რომ წყვდიადში გვაცინოს.“
ალექსანდრე კობერიძისა და დეა კულუმბეგაშვილის ეს ბოლო ნამუშევრები ნომინირებული იყო და მიღებული აქვთ ჯილდოები სხვადასხვა ფესტივალზე, მათ შორის, ლოკარნოს, ჰამბურგის, სან-სებასტიანის, ვენეციის და სხვა ფესტივალებზე.
„მომაჯადოებელი საოცრება“, რომელიც „მიქელანჯელო ანტონიონის მეტაფიზიკური მისტერიების ტრადიციას მიჰყვება“, — ასეა შეფასებული „ხმელი ფოთოლი“ აღწერაში, რომელიც სიაში ალექსანდრე კობერიძის ფილმს ერთვის. „სასტიკი და ბრწყინვალე“, — ვკითხულობთ დეა კულუმბეგაშვილის „აპრილზე“.
BFI-ს სია აერთიანებს კინოს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. პირველ ადგილზე დასახელებულია პოლ თომას ანდერსონის „ბრძოლა ბრძოლის შემდეგ“. დასახელებულ წლის საუკეთესო ფილმებში შეხვდებით დებიუტებსაც და ისეთი აღიარებული რეჟისორების ფილმებსაც, როგორიც ჯიმ ჯარმუში, დევიდ კრონენბერგი, ვეს ანდერსონი და სხვები არიან.




