ბრიტანეთის დაზვერვას პირველად უხელმძღვანელებს ქალი – ბლეიზ მეტრეველი

დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, მსოფლიოში MI6-ის სახელით ცნობილი სამსახურის უფროსად 47 წლის ბლეიზ მეტრეველი დაინიშნა. წარმოშობით ქართველი მეტრეველი პირველი ქალია, რომელიც ბრიტანეთის საგარეო დაზვერვას უხელმძღვანელებს.
ინფორმაცია MI6-ის უფროსად ბლეიზ მეტრეველის დანიშვნის შესახებ 15 ივნისს გამოქვეყნდა დიდი ბრიტანეთის მთავრობის საიტზე. პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ბლეიზ მეტრეველის „ისტორიული დანიშვნა” მოხდა იმ დროს, როცა სადაზვერვო სამსახურების მუშაობა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსად დანიშვნამდე ბლეიზ მეტრეველი MI6-ის ტექნოლოგიების და ინოვაციების განყოფილებას ხელმძღვანელობდა, მანამდე კი სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობას იკავებდა დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურში MI5.
მეტრეველი დაზვერვის ოფიცერია და ამ სტრუქტურაში 1999 წლიდან მუშაობს. ბლეიზ მეტრეველის პროფესიული კარიერის დიდი ნაწილი უკავშირდება ოპერატიულ მუშაობას ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში.
მეტრეველს განათლება კემბრიჯის უნივერსიტეტის პემბუკის კოლეჯში აქვს მიღებული. ის ანთროპოლოგიას სწავლობდა.
ფორუმი