ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კემერონი უკრაინაში სტუმრობის შემდეგ ჩავიდა მოლდოვაში, სადაც ამ ქვეყნის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან ერთად განიხილა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და ორმხრივი ურთიერთობის თემები.
ამის შესახებ ცნობა გაავრცელა მოლდოვის პრეზიდენტის პრესსამსახურმა.
კემერონმა თანამდებობის დაკავების შემდეგ თავისი პირველი ვიზიტი უცხოეთში 16 ნოემბერს უკრაინაში განახორციელა, სადაც შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. კემერონი და ზელენსკი ჩავიდნენ ოდესის რეგიონში, რომელიც მოლდოვას ესაზღვრება.
Reuters-ის თანახმად, მოლდოვის პრეზიდენტმა, რომელიც პროევროპულ პოლიტიკოსად მიიჩნევა, დაგმო უკრაინაში რუსეთის შეჭრა, მოსკოვს ბრალად დასდო ხელისუფლებიდან თავისი ჩამოშორების მიზნით შეთქმულება და კვლავ დაადასტურა მოლდოვის სწრაფვა ევროკავშირის წევრობისკენ.