რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ ორი ხიდი, ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში, აფეთქების შედეგად დაინგრა. უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, სვეტლანა პეტრენკოს ინფორმაციით, უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები და მიმდინარეობს გამოძიება ორივე ინციდენტთან დაკავშირებით.
ბრიანსკის ოლქში საავტომობილო ხიდი, 31 მაისს საღამოს, იმ დროს ჩაინგრა, როდესაც მის ქვეშ სამგზავრო მატარებელს უნდა გაევლო. როგორც რუსეთის საინფორმაციო წყაროები აღწერენ, მატარებელი შეეჯახა ხიდის ნანგრევებს და ლიანდაგიდან გადაცვივდა ლოკომოტივი და ოთხი ვაგონი. დაიღუპა 7 და დაშავდა 70-მდე ადამიანი. ინციდენტის დროს ხიდზე სატვირთო მანქანა გადაადგილდებოდა. მატარებელი მოსკოვისკენ მიემართებოდა.
ვიდრე რუსეთის საგამოძიებო სამსახური აფეთქების ვერსიაზე დაიწყებდა საუბარს, მოსკოვის რკინიგზა აცხადებდა, რომ მატარებელი ლიანდაგიდან „ტრანსპორტის საქმიანობაში უკანონო ჩარევის შედეგად“ გადავიდა.
რუსული წყაროები იტყობინებიან ხიდის დანგრევის შესახებ კურსკის ოლქში, ჟელეზნოგორსკის რაიონში. შემთხვევა კვირას დილით მოხდა, როდესაც ხიდზე სატვირთო მატარებელი გადაადგილდებოდა. აფეთქების შედეგად, თბომავლის ნაწილი საავტომობილო გზას დაეცა, სადაც მემანქანეების ჯგუფი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მატარებელი ცარიელი იყო, ტვირთის გარეშე. რუსეთის ძალოვან სტრუქტურებთან დაკავშირებული ტელეგრამარხები თავიდანვე აღნიშნავდნენ, რომ ხიდის დანგრევის მიზეზი იყო აფეთქება და რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ხიდის საყრდენი კონსტრუქციის ქვეშ იყო განთავსებული.
რუსეთში განიხილებოდა დივერსიის ვერსია. “ინტერფაქსმა” მოგვიანებით, საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით, დააზუსტა, რომ გამოძიება ტერაქტთან დაკავშირებული მუხლით არის დაწყებული.
უკრაინულ მხარეს ეს ორი ინციდენტი საკუთარ თავზე არ აუღია.
ფორუმი