“ბრესტთან” კონტეს ექსპერიმენტები – “კვარამ” ბურთი ძელს გაარტყა

ამხანაგურ მატჩში „ნაპოლიმ“ ფრანგული „ბრესტი“ 1:0 დაამარცხა.
„ნაპოლი“ უპირატესობას ფლობდა, ჯერ სპინაცოლას დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, შემდეგ კვარაცხელია საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ გატანა მეკარე ბიზომ არ დაანება, 42-ე წუთზე კი მეტოქის კარი რასპადორიმ დალაშქრა.
წინა სპარინგისგან განსხვავებით მწვრთნელმა კონტემ შესვენებაზე შემადგენლობა არ შეცვალა, მისმა შეგირდებმა ზეწოლა გააგრძელეს, განსაკუთრებით ხვიჩა აქტიურობდა – ბურთი ძელს გაარტყა, მისი კარგი გადაცემები კი ანგისამ და მაზოკიმ ვერ გამოიყენეს. 70-ე წუთზე კონტემ ცხრა ფეხბურთელი შეცვალა, სასტარტოდან მხოლოდ დი ლორენცო და „კვარა“ დატოვა და გუნდი 3-4-2-1 ტაქტიკიდან 3-5-2-ზე
გადააწყო, ხოლო მე-80-ზე ქართველის ნაცვლად მოედანზე ჩედირა შეუშვა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და “ნაპოლიმ” მეოთხე სპარინგიც გოლგაუშვებლად მოიგო.
შემდეგ საკონტროლო შეხვედრას ნეაპოლური გუნდი 3 აგვისტოს ამავე სტადიონზე „ჟირონასთან“ გამართავს.
ნაპოლი – ბრესტი 1:0
გოლი: რასპადორი (42)
ნაპოლი: მერეტი (კაპრილე 70), დი ლორენცო (მეცონი 88), ბონჯორნო (ჟუან ჟეზუსი 70), რაჰმანი (ნატანი 70), მაზოკი (ძერბინი 70), ანგისა (კაიუსტე 70), ლობოტკა (ფოლორუნშო 70), სპინაცოლა (მარიო რუი 70), პოლიტანო (ნგონჟი 70), კვარაცხელია (ჩედირა 80), რასპადორი (სიმეონე 70)