Gtex-მა სავაჭრო ცენტრ ,,გალერია თბილისში“ იტალიური ბრენდის OVS-ის მაღაზია დაკეტა. მიზეზი იჯარის ფასი გახდა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ანა კაპანაძე ,,კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ მაღაზიის დაკეტვის გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. მათ შორის მთავარი ფინანსური მხარე იყო. მისი თქმით, ბრენდის ამ ლოკაციაზე დარჩენა და განვითარება ფინანსურად მომგებიანი აღარ იყო.
,,გალერია თბილისში დავკეტეთ OVS-ის მაღაზია. ბევრი რაღაცის კომბინაციამ გამოიწვია. ვფიქრობთ, რომ სხვა მიმართულებით განვავითაროთ ეს ბრენდი. დიდი ხანია OVS შემოსულია ქართულ ბაზარზე და ვფიქრობთ, რომ ცოტა სხვანაირად სჭირდება განვითარება. აქ მოქმედებს ასევე იჯარის ფასებიც. მე თუ მკითხავთ, თბილისის შუაგული კიდევ აიტანდა ერთ კომერციულ ფართს ანუ დიდ მოლს. ფასებიდან გამომდინარე და არსებული მოთხოვნა მიწოდებიდან გამომდინარე. უბრალოდ ადგილი არ არის. ამ ბრენდს, ამ სეგმენტს გარკვეული პირობები სჭირდება. დაბალანსებული უნდა იყოს მოთხოვნა მიწოდება. ჩვენთვისაც დაბალანსებული უნდა იყოს. მოკლედ გადავწყვიტეთ, რომ იქ განვითარება, ამ ლოკაციაზე დარჩენა ბრენდისთვის აღარ იქნებოდა მომგებიანი. ფინანსურადაც მომგებიანი იყო დაკეტვა.’’- აცხადებს ანა კაპანაძე.
Gtex-მა OVS-ის მაღაზიის დაკეტვის გადაწყვეტილება სხვა მიზეზის გათვალისწინებითაც მიიღო. კომპანიაში განმარტავენ, რომ ბრენდი ქართულ ბაზარზე დიდი ხანია არსებობს და ის განახლებას საჭიროებს. ბრენდის განახლებაზე სათავო ოფისში, იტალიაში აქტიურად მუშაობენ და ცვლილებები იტალიის ბაზარზე უკვე შესულია. Gtex ბრენდის წარმომადგენლებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ბრენდის განვითარების ახალი სტრატეგია ქართულ ბაზარს მოარგონ.
,,ჯერჯერობით ბრენდთან გვაქვს მოლაპარაკებები, რადგან ბრენდმა შეცვალა თავისი, შიდა სტრატეგია. გვაქვს მოლაპარაკება შემდეგი სეზონისთვის რა, როგორ გავაკეთოთ. მათი ახალი სტრატეგია და ახალი მიდგომები, როგორ შეიძლება მოვარგოთ ქართულ ბაზარს. აქედან გამომდინარე, წელს OVS-ის ახალი მაღაზიების გახსნას ნამდვილად არ განვახორციელებთ. 2026 წლისთვის უფრო მეტად მოვემზადებით, რომ გავხსნათ. ბრენდი ქართული ბაზრიდან გასვლის საშიშროების წინაშე არ დგას. უბრალოდ დიდი ხანია ბრენდი არსებობს და იტალიაში გადაწყვიტა ცვლილებები განახორციელოს და იტალიაშიც ბევრი რამე შეიცვალა, რადგან სჭირდება. ეს მაინც ისეთი ბრენდია, რომელსაც სჭირდება გადახალისება და მუდმივად სტრატეგიის ცვლილება. ბაზარზე არსებულ მოთხოვნებზე და ახალ ტენდენციებზე გადასვლა. ამ მიმართულებით ბრენდში ცვლილებაა. იტალიისა და საქართველოს ბაზრები განსხვავდება და პირდაპირ გადმოტანა ჩვენს ბაზარზე არ იმუშავებს. ამიტომ, წელს უფრო მეტად დავიხარჯებით, რომ ბრენდთან მოლაპარაკებები გვქონდეს. აქცენტს გავაკეთებთ, რომ შევთანხმდეთ რას, როგორ გავაკეთებთ. განვითარებაზე და ახალი მაღაზიების გახსნაზე მომავალ წელს გავაკეთებთ აქცენტს.’’- აცხადებს ანა კაპანაძე.
Gtex-ის აღმასრულებელი დირექტორი არ გამორიცხავს, რომ კომპანიამ OVS-ის მაღაზია ბათუმშიც დაკეტოს. ამ შემთხვევაშიც მთავარი მიზეზი ფინანსური მომგებიანობის საკითხია.
,,ავწონ-დავწონეთ და გადავწყვიტეთ, რომ ბათუმშიც სხვა ბრენდის განვითარება უფრო საინტერესო იქნება.’’- განაცხადა ანა კაპანაძემ. თუმცა, რომელ ბრენდზეა საუბარი, მას არ დაუკონკრეტებია.
