მთავრობაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის პარალელურად, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ფეისბუკის პირად გვერდზე აქვეყნებს პოსტს, რომელშიც მადლობას უხდის პრემიერ-მინისტრს და მის დადებით თვისებებზე საუბრობს.
“ეს იშვიათი კატეგორიაა, რომელსაც მასწავლებელი ჰქვია. მე წილად მხვდა ბედნიერება, მესწავლა ამ კაცისგან ბევრი რამ, ვსწავლობ და მომავალშიც ასე იქნება.
არასოდეს მისაუბრია ირაკლის ადამიანური თვისებების შესახებ საჯაროდ. ესენია ღირსება, ერთგულება, ვაჟკაცობა, თავდადება და სხვისი გასაჭირის საკუთრად აღქმა. არაერთი შემთხვევის მომსწრე ვარ თუ როგორ დახმარებია სრულიად ჩუმად ადამიანებს და ამის შესახებ არავის გაუგია და ვერც ვერასოდეს გაიგებს. სიკეთეს რომ მალვა უნდა ამ ადამიანის ცხოვრებისეული დევიზია”, – წერს რატი ბრეგაძე და ღარიბაშვილის დამსახურებად მიიჩნევს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. ის ამბობს, რომ ღარიბაშვილი იდგა იმ “ყველა დიდი საქმის” უკან, რომლებიც იუსტიციის სამინისტროში მისი მინისტრობის დროს დაიწყო, დასრულდა და გრძელდება.
“ყველაზე მთავარი, რაც ირაკლის ახასიათებს ეს სიყვარულის უნარია. სწორედ სიყვარულით ნაკეთები საქმე ისხამს ნაყოფს, რაც ასე მრავლად არის ირაკლის მოღვაწეობაში.
გუნდის შეკვრა, საერთო მიზნის გარშემო გაერთიანება და ისეთი მოტივაცია, რომელსაც უშრეტი ენერგიის წარმოქმნა შეუძლია, ირაკლის ლიდერული უნარებია.
ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ღირსეული მეგობარი მყავს.
მადლობა ყველაფრისთვის ჩემო ირაკლი!” – წერს რატი ბრეგაძე. ის მოქმედი მინისტრთა კაბინეტიდან პირველია, ვინც სოციალურ ქსელში სამადლობელი წერილით გამოეხმაურა ინფორმაციას ირაკლი ღარიბაშვილის სავარაუდო გადადგომის შესახებ.
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორჯერ იყო. პირველად, 2013 წელს, მან ბიძინა ივანიშვილი შეცვალა და 2015 წლის 23 დეკემბრამდე იკავებდა ამ თანამდებობას. მეორე ვადით პრემიერ-მინისტრი გახდა 2021 წლის 22 თებერვალს, გიორგი გახარიას პრემიერის პოსტიდან გადადგომის შემდეგ.
პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან 2 კვირის ვადაში, პარლამენტი ნდობას უცხადებს მმართველი პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი თავისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს.