ევროკავშირს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ქართველებს ის ენერგორესურსები მიაწოდოს, რაც მათ სჭირდებათ და რასაც ისინი რუსეთისგან ყიდულობენ – მათ ეკონომიკის გაჩერება მოუწევთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ბრანისლავ ონდრუშმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„თუ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რაიმეს გაკეთება გვსურს, მაშინ იმ მომენტს უნდა დავუბრუნდეთ, როდესაც ეს შესანიშნავი კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მტრად გადაიქცა. როდესაც, საქართველოს მთავრობამ კურსი შეიცვალა და ევროკავშირმა მის არჩევნებზე გავლენის მოხდენა დაიწყო“, – განაცხადა ონდრუშმა.
მისი თქმით, „რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ, რომ თბილისში 48 საათში შევიდნენ, რადგან საქართველო ნატო-ს წევრი არ არის“.
„ევროკავშირს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ქართველებს ის ენერგორესურსები მიაწოდოს, რაც მათ სჭირდებათ და რასაც ისინი რუსეთისგან ყიდულობენ. მათ ეკონომიკის გაჩერება მოუწევთ. უკვე 20 წელია რუსებს საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი ოკუპირებული აქვთ და ევროკავშირი მთელი ამ დროის განმავლობაში რუსეთთან ბედნიერად ვაჭრობდა. ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ არის ის, რომ რუსეთის პროვოცირება არ გამოიწვიონ, რადგან ევროკავშირს უსაფრთხოების გარანტიების მიცემა არ შეუძლია. ამიტომ, რუსეთთან დაკავშირებით ცვლილებების მისაღწევად ევროკავშირი სამართლიანი უნდა იყოს, სამართლიანი პირობები შექმნას, სამი წლის წინ დაშვებული შეცდომები აღიაროს და დიალოგი დაიწყოს. ჩვენ უფრო ძლიერები ვართ და ძლიერი სიტყვების გარეშე უნდა ვიმოქმედოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველი ხალხი ჩვენი არარეალისტური საგარეო პოლიტიკის მსხვერპლი გახდება“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.




