პროკურატურამ დღეს დილას ბრალი წარუდგინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებულ პირს, – ინიციალებით ბ.ჭ., – რომელიც, სუსის მტკიცებით, დივერსიას გეგმავდა.
მას „ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის“ ბრალი წარედგინა.
ბრალდებაში ნახსენები არ არის დივერსია ან კავშირი 4 ოქტომბრის აქციასთან.
პროკურატურა წერს, რომ სუსის გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს ამ მოქალაქემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა შემდეგი იარაღი და საბრძოლო მასალა:
· „ტყვიამფრქვევი,
· დიდი რაოდენობით ვაზნები,
· ყუმბარმტყორცნი,
· ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები,
· ფეთქებადი ნივთიერება – ტროტილი,
· ასაფეთქებელი მოწყობილობები – 3 ელექტროდეტონატორი,
· ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი“.
გამოძიების თანახმად, ამ ყველაფერს ის მალავდა „მცხეთის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში“.
პროკურატურა მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
„დივერსიული აქტები“
სუსმა 5 ოქტომბერს, – არჩევნებისა და პარალელურად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დემონსტრანტების ნაწილის შეჭრის მცდელობის მომდევნო დღეს, – განაცხადა, რომ ამ საბრძოლო მასალის გამოყენებით „4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, უნდა განხორციელებულიყო დივერსიული აქტები“.
სუსმა ასევე განაცხადა, რომ ბრალდებულმა აღნიშნული საბრძოლო მასალა და იარაღი შეიძინა „უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით“, – თუმცა არც მისი ვინაობა და არც დანაყოფის არ დაუსახელებია.
სუსმა ასევე თქვა, რომ სამსახურის თანამშრომლების გატარებული „პრევენციული ღონისძიებების შედეგად მოხერხდა იმ პირთა წრის განეიტრალება, რომლებსაც, სავარაუდოდ, აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადმოეტანათ“.
არ არის დაზუსტებული, რას გულისხმობს „განეიტრალება“, თუმცა სხვა პირთა დაკავებაზე ამ ცნობაში ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.
ამასთან, სუსი აცხადებდა, რომ იდენტიფიცირებულია პირი, რომელმაც „ბ.ჭ.-ის შეკვეთით დაამზადა დეტონატორის პულტი“, ის „უკვე მოყვანილია უსაფრთხოების სამსახურში და მასთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“.
მორიგი დაკავება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს ასევე დააკავა ერთად მყოფი ორი ადამიანი – „ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის“ გამო. შემდეგ ერთი გაათავისუფლეს, ერთს კი ბრალი წარუდგინეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ წუხელ, 6 ოქტომბერს, განაცხადა, რომ ერთი მათგანის პირადი ჩხრეკისას იპოვეს საბრძოლო მასალა:
„გამოძიებით დადგინდა, რომ ამოღებული საბრძოლო მასალა განკუთვნილი იყო მის სახელზევე, ტარების უფლებით, რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღისთვის. შესაბამისად, დაკავებული გათავისუფლდა“, – განაცხადა მან.
თუმცა მასთან ერთად დაკავებულ მეორე ადამიანს ბრალი წარუდგინეს.
დარახველიძის განცხადებით, მისი პირადი ჩხრეკისას იპოვეს „მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი“.
გარდა ამისა, ბათუმში გაჩხრიკეს მისი ბინაც, სადაც „სპეციალურად მოწყობილი სამალავი“ აღმოაჩინეს, მასში კი:
· „დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა,
· მჭიდები,
· აირწინაღები,
· ჩაფხუტები,
· რადიოგადამცემი მოწყობილობა და
· 150-მდე სიმ ბარათი“.
ბრალდება 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ალექსანდრე დარახველიძემ ამ დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა იმავე ბრიფინგზე, რომლითაც საზოგადოებას განუცხადა, რომ 13 ადამიანი დააკავეს 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების გამო.
ფორუმი




