იტალიური მედია ისევ წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი თავისი კლიენტის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორს, ჯოვანი მანას ისევ ვერ შეუთანხმდა და მოლაპარაკებები გადაიდო. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი „მილანის“ და „ბარსელონას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა არიედო ბრაიდამ, აგრეთვე ჟურნალისტებმა ფრანჩესკო მოდუნომ და რიკარდო კუჩიმ გააკეთეს.
არიედო ბრაიდა: „კონკურენცია მაღალია და თუ „ნაპოლის“ უნდა კვარაცხელია შეინარჩუნოს, კარგად უნდა გადაუხადოს. შეიძლება უფრო დაბალ ხელფასზე დარჩეს, ვიდრე დიდი ევროპული კლუბები სთავაზობენ, მაგრამ იმისათვის, რათა არ დაკარგონ, ხელშეკრულების კორექტირება მართებთ. ნომერ პირველმა ფეხბურთელმა ნომერ
პირველი ანაზღაურება უნდა მიიღოს, ასეთია წესი. ის და ლუკაკუ განსხვავებას ქმნიან. ხვიჩა ნეაპოლში თავს კარგად გრძნობს, თუმცა იმდენი უნდა მისცენ, რამდენსაც მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეინარჩუნებენ. მოლაპარაკებებშიც ბალანსია აუცილებელი“.
ფრანჩესკო მოდუნო: „ვიცი, რომ დიალოგი მიმდინარეობს, მაგრამ არ ვიცი, მხარეებმა რამდენად შეაჯერეს პოზიციები, რომლებიც განსხვავებულია. „ნაპოლი“ მზადაა ძალისხმევა არ დაზოგოს. ვერ გეტყვით, კვარაცხელია მოაწერს თუ არა ხელს ახალ კონტრაქტს“.
რიკარდო კუჩი: „ნაპოლის“ უკვე შეუძლია სკუდეტოს მოგება, რასაც „იუვენტუსზე“ ვერ ვიტყვი. „კვარა“ ნერვიულობს? მან პირველ სეზონში გაგვაოცა, მომდევნო წელს გარკვეული სირთულები შეექმნა. ახლა ნერვიულობა მის მიმართ აგრესიულ თამაშს უკავშირდება. ქართველს მთავარ გმირად დაბრუნების დიდი სურვილი აქვს და ეს განწყობაშიც შეინიშნება. კონტესთან დაიბრუნა არაპროგნოზირება. კლუბმა მასთან თანამშრომლობის განახლება უნდა იჩქაროს“.