ბრაზილიური გოლებით – სუპერთასის ფინალში “რეალმა” “ბარსელონა” დაჯაბნა

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩატარებულ ესპანეთის სუპერთასის ფინალში „რეალმა“ „ბარსელონა“ 4:1 დაამარცხა.
კატალონიური გუნდის დაცვამ პირველ ტაიმში ბევრი შეცდომა დაუშვა, რითაც ვინისიუსმა ისარგებლა და ჰეთ-თრიკი შეასრულა. ერთი გოლით ლევანდოვსკიმ უპასუხა. შესვენების შემდეგ პენიას როდრიგომაც გაუტანა, მერე კი მსაჯმა ვინისიუსთან უხეშობისათვის არაუხო გააძევა, დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და „რეალი“ მეცამეტედ გახდა სუპერთასის გამარჯვებული – „ბარსელონას“ თოთხმეტჯერ აქვს მოგებული.
. ვინისიუსმა 2022 წლის მაისის შემდეგ პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა – მაშინ „ლევანტე“ დაამწუხრა.
. ანჩელოტიმ „სამეფო გუნდში“ მეთერთმეტე ტიტული მოიპოვა და ზიდანს
დაეწია.
. „რეალმა“ ელ კლასიკოში 104-ე გამარჯვება იზეიმა – „ბარსას“ ანგარიშზე 100 მოგებაა.
. ლევანდოვსკიმ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა – მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონის 25 მატჩში 12 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
. ლევანდოვსკის მეუღლე ანა ვერ გამოდგა კარგი პროგნოზისტი, რომელმაც თამაშის წინ თქვა, რომ „ბარსა“ მოიგებდა (3:1), რობერტი კი დუბლს შეასრულებდა.
რეალი – ბარსელონა 4:1
გოლები: 1:0 ვინისიუსი (7), 2:0 ვინისიუსი (10), 2:1 ლევანდოვსკი (33), 3:1 ვინისიუსი (39, პენ), 4:1 როდრიგო (64)
გაძევება: არაუხო (71)