ბრაზილიაში Colgate-ის კბილის პასტის გაყიდვა ხელახლა აიკრძალა
ბრაზილიაში Colgate Total Clean Mint-ის კბილის პასტის გაყიდვა ხელახლა აიკრძალა. შესაბამისი განცხადება ჯანმრთელობის ეროვნული ზედამხედველობის სააგენტომ გამოაქვეყნა.
წელს, ბრაზილიელმა მომხმარებლებმა სოციალურ ქსელებში აქტიურად დაიწყეს ჩივილები Colgate Total Clean Mint-ის შესახებ. მათ განაცხადეს, რომ კბილის პასტის გამოყენების შემდეგ პირის ღრუ უღიზიანდებოდათ და აწუხებდათ წვა, ღრძილების შეშუპება და წყლულებიც კი. რიგ შემთხვევებში, მომხმარებლებს სამედიცინო დახმარების გაწევაც კი დასჭირდათ.
27 მარტს, ეროვნულმა მარეგულირებელმა დროებითი აკრძალვა დააწესა შესაბამისი კბილის პასტის გამოყენებასა და გაყიდვაზე სრული გამოძიების ჩატარებამდე. თუმცა, Colgate -მა გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა და დროებითი აკრძალვის მოხსნა მოახერხა, აპრილის ბოლოს კომპანიამ საჩივარი უკან გაიწვია. მწარმოებლის გადაწყვეტილების მიზეზები არ გახმაურებულა. თუმცა, რადგან სააპელაციო საჩივარი უკან გაიწვიეს, დროებითი აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება კვლავ ძალაში შევიდა.
