ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან ინტერვიუში საუბრის დროს კიდევ ერთხელ შეაქო საქართველოს მმართველი პარტია და დაამატა, რომ თბილისთან “კეთილმეზობლური” ურთიერთობა სურთ.
ბჟანიამ ქართული ოცნების პოლიტიკას კვლავ პრაგმატული უწოდა და თქვა, რომ ისინი “პოლიტიკურად დამწიფდნენ”.
“ბოლო რამდენიმე წელში, მას შემდეგ, რაც უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, საქართველოს ხელისუფლება, როგორც მე წარმომიდგენია, ყველაფრის მიმართ პრაგმატულ მიდგომას იჩენდნენ. ისინი არ ჩაებნენ პროვოკაციაში, რომელსაც მათ უკრაინა ახვევდა. უკრაინის ლიდერის არაერთ მოწოდებას, გაეხსნათ მეორე ფრონტი, მათი მხარდაჭერა არ მიუღია. ამ თვალსაზრისით ვთვლი, რომ ეს პოლიტიკური მომწიფების ნიშანია. მე ასე წარმომიდგენია.” – თქვა ბჟანიან.
ბჟანიას თქმით, თუ მომავალშიც “გამოიჩენენ ორაგმატიზმს” თვლის, რომ გამოირიცხება “არასაჭირო ინციდენტები”. მარიონეტმა ლიდერმა ასევე თქვა, რომ “ომის შემდეგ არასდროს იქნება [სიტუაცია] ისე, როგორც ომამდე იყო”.
“მთლიანობაში, გვსურს საქართველოსთან კარგი, კეთილმეზობლური ურთიერთობა გვქონდეს. შემიძლია ვთქვა, რომ ქართველი ერის მიმართ არანაირი ანტაგონიზმი არ გაგვაჩნია. პრეტენზიები გვქონდა მათ მიმართ, ვინც ეს ომი წამოიწყო და მათ მიმართ, ვინც ამ ომში მონაწილეობა მიიღო. ამან ძირეულად შეცვალა ყველაფერი.” – თქვა ბჟანიამ.
ბჟანიამ საქართველოს მიერ ოკუპირებული აფხაზეთის აღიარებაზე უარის თქმა შეადარა სტამბოლის მიმართ ბერძნების დამოკიდებულებას.
“ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი, როცა ასეულობით წლის რეალობას ადამიანთა ჯგუფი ვერ იღებდა. მაგალითად, ფრენები, რომლებიც სრულდება სალონიკის აეროპორტიდან (საბერძნეთი) სტამბოლში, წერენ: სალონიკი-კონსტანტინოპოლი. იყო ასეთი ფაქტი, კონსტანტინოპოლი იყო ბერძნული მართლმადიდებლური ქალაქი, მაგრამ ახლა ასეთი აღარაა. ასე იყო, მაგრამ ახლა სხვანაირადაა. როცა საქართველოს ხელისუფლება ამას მიხვდება, მაშინ ნორმალური ურთიერთობების დამყარების პროცესები სხვა დინამიკას მიიღებს.” – თქვა ბჟანიამ.