ბჟანია: დასავლეთს უნდა, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს არა სოხუმში, არამედ თბილისში

რუსეთის მიერ ოკუპირებული ს ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია აღიარებს, რომ „სტრატეგიულ მოკავშირე“ რუსეთთან ერთად აფხაზური არმიის აღჭურვა და გაწვრთნა ვერ შეძლეს და ყოველთვის ს დახმარების იმედად ვერ იქნებიან. ბჟანიამ, როგორც მისი პრესსამსახური იუწყება, „აფხაზეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხები“ 11 დეკემბერს განიხილა დე ფაქტო პარლამენტის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე.
ასლან ბჟანიას თანახმად, ბოლო წლებში აფხაზეთის გარშემო მსოფლიო გახდა ადრინდელზე უფრო ნაკლებად „მყუდრო და მშვიდი“. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის თქმით, „მშვიდად დაძინებას და გაღვიძებას“ სჭირდება თანამედროვე რაკეტებით, დრონებით, ტანკებით, თვითმფრინავებით და საჰაერო თავდაცვის სისტემით აღჭურვილი არმია, რომლის ჯარისკაცები შესაბამისად ჩაცმული და გაწვრთნილი არიან.
ბჟანიას განცხადებით, ჰქონდათ „სტრატეგიულ მოკავშირე” რუსეთის ფედერაციასთან ერთად არმიის გადაიარაღების, აღჭურვის და გაწვრთნის შესაძლებლობა, განსაზღვრული იყო პირობები და გათვლილი იყო პლუსებიც, მაგრამ ეს არ მოხდა. დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ტექსტის მიხედვით, ბჟანიას კონკრეტული მიზეზი არ უთქვამს, თუმცა, სავარაუდოდ, გულისხმობდა სიტუაციას, რომელიც ში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეიქმნა.
ასლან ბჟანიას განცხადებით, დღეს უწევთ, რომ საკუთარი ფულით შეაკეთონ თვითმფრინავები, ააშენონ ყაზარმები, აღჭურვონ არმიის პირადი შემადგენლობა და შეიძინონ დრონები და სხვა ტექნიკა, თუმცა, ეს ზომები არასაკმარისია.
ბჟანიამ ისიც თქვა, რომ დღევანდელ გლობალურ დაპირისპირებაში აფხაზეთი ერთ-ერთი მტკივნეული წერტილია და -ს და ევროპის ქვეყნებს არ სურთ, რომ აფხაზეთი მსოფლიოს ნაწილი იყოს.
„მათ უნდათ, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს არა სოხუმში, არამედ თბილისში და გეგმაზომიერად მუშაობენ, რათა ეს მოხდეს“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ. მისი თქმით, დასავლეთს ეს სჭირდება, რათა მსოფლიოს აჩვენოს, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარება უმნიშვნელოა და საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნებს აჩვენოს, რომ პრობლემის მოგვარების გასაღები მის ხელშია.
ბჟანია მიიჩნევს, რომ დასავლეთი ყველაფერს აკეთებს, რათა აფხაზეთი არ განვითარდეს და სწორედ ამიტომ აირჩიეს მსოფლიოს სხვა არქიტექტურის ნაწილად და რუსეთთან ერთად ყოფნა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილაპარაკა იმაზეც, რომ აფხაზეთი რუსეთთან ერთად იქცა გლობალური კრიზისის ნაწილად და, რომ ამ კონფლიქტში ეფლობა მთელი ევროპა, რომლის რესურსები იფლანგება. ბჟანიას შეფასებითვე, უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ბოლო ფაზაში შევიდა და „სისხლიანი ტრაგედიის“ დასასრული შორს აღარ არის. მისივე თქმით, აფხაზეთს ყოველთვის ვერ ექნება რუსეთის „უანგარო დახმარების“ იმედი, რადგან სახსრები მიმართული იქნება დღევანდელი საბრძოლო მოქმედებებით დაზარალებული რეგიონებისკენ.
რუსეთი, რომელმაც საქართველოს ორი ტერიტორიის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა, წლების განმავლობაში ავსებდა მათი ბიუჯეტების უდიდეს ნაწილს. უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთმა ამ ორი ე.წ. რესპუბლიკის დაფინანსება მინიმუმამდე დაიყვანა.