აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ გამოცემა Tass-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აფხაზეთი დაინტერესებულია რუსეთ-ბელარუსის სამეკავშირეო სახელმწიფოს წევრობით, დამოუკიდებლობის შენარჩუნებით. თუმცა, მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობას 10 წლამდე დროც შესაძლოა დასჭირდეს.
“სახელმწიფოთა კავშირი არის ფორმატი, რომელშიც დამოუკიდებელი სახელმწიფოები თანხმდებიან ურთიერთსასარგებლო პირობებზე ზენაციონალური სტრუქტურების შესაქმნელად. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, მაგრამ უნდა გავიაროთ გარკვეული ეტაპი. უნდა მომზადდეს რეგულაციები. ამ საქმეს შესაძლოა 5-10 წელი დასჭირდეს, ისევე, როგორც რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების ამბავს” – განაცხადა ბჟანიამ ინტერვიუში.
ბჟანიამ აღნიშნა, რომ პირველ რიგში, ხელმძღვანელობს იმ დოკუმენტებით, რომლებიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმდა:
“ბოლო სახელმწიფოთშორისი შეთანხმებას (ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ) ხელი მოეწერა 2014 წლის 24 ნოემბერს, სადაც ნათლად წერია, რომ რუსეთი ეხმარება აფხაზეთის რესპუბლიკას რუსეთის ფედერაციის მიერ ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში მონაწილეობაში. ეს ფორმა ყველაზე კარგად შეესაბამება ჩვენს მომავალს, ჩვენი მომავლის ხედვას. ჩვენ გვსურს ვიყოთ რუსეთთან და ბელარუსთან ერთად. გვსურს ვიყოთ აქტიური მონაწილეები ამ ინტეგრაციის პროცესში და შევინარჩუნოთ ჩვენი დამოიკიდებლობა”.
მსოფლიო პოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრისას, ბჟანიამ აღნიშნა, რომ მომავალში მრავალპოლარული და სამართლიანი სამყარო იქნება და ამავდროულად, აუცილებლად უნდა არსებობდნენ რეგიონული გაერთიანებები.
“ეს გაერთიანება (რუსეთი, ბელარუსი, აფხაზეთი) სასარგებლოა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის, ბელარუსის მოქალაქეებისთვის და რა თქმა უნდა, აფხაზეთის მოქალაქეებისთვის. ეს საშუალებას მოგცემს, ერთის მხრივ, შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა, კულტურა, ხოლო მეორე მხრივ, განვავითაროთ ის. ვფიქრობ, რომ ასეთი ალიანსის შექმნისთვის მუშაობა არის სწორი ვექტორი ჩვენი ურთიერთობების განვითარებისთვის”.
რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს წევრობის სურვილი რამდენიმე თვის წინ გამოხატა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამაც.
“ჩვენ დამოუკიდებლობა ძვირად დაგვიჯდა და არ გვინდა გავხდეთ სახელმწიფო, რომელმაც ეს სტატუსი დაკარგა. ჩვენ გვსურს ვიყოთ სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ინტეგრაციის პროცესებში ისეთ სახელმწიფოებთან ერთად, როგორებიცაა რუსეთი და ბელარუსი და აგრეთვე ისინი, ვისაც სურთ მსგავს კავშირში გაწევრიანება” – განაცხადა ასლან ბჟანიამ Tass-თან ინტერვიუში.