აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის ლიდერმა ასლან ბჟანიამ
“უცხოური არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების განხორციელებისთვის გარკვეული ზომების მიღების შესახებ” განკარგულებას ხელი მოაწერა.
დოკუმენტის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მათი პროგრამების და პროექტების დამფინანსებელი არაკომერციული ორგანიზაციების სახელები აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა მიაწოდონ.
გარდა ამისა, განკარგულების თანახმად, აუცილებელია არაკომერციული ორგანიზაციის რეგისტრაციისა და საგადასახადო რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის, მხარეთა მიერ შეთანხმებული შესაბამისი საქმიანობის განხორციელების პროცედურის (მათ შორის, გასაფორმებლად დაგეგმილი ხელშეკრულებების პროექტების), შესაბამისი პროგრამის განხორციელების ფარგლებში დაფინანსების ოდენობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაც.
გასულ კვირას აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა სოხუმში მოქმედ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების ხელმძღვანელებს შეხვდა.
“მათთვის, ვისაც აფხაზურ-რუსული ურთიერთობების განადგურება და აფხაზეთის რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიად განხილვა სურს, უახლოეს მომავალში ჩვენი კარი დაიკეტება”. – თქვა არძინბამ.
მისივე თქმით, გაეროს სააგენტოები დეზინფორმაციას აწვდიან მის უწყებას იმ პროექტების რეალური მიზნებისა და ამოცანების შესახებ, რომლებსაც ისინი ახორციელებენ.
ამავდროულად, მარიონეტის თქმით, USAID-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთში ხორციელდება პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს “კრემლის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას” და ასევე, “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას”.