ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დე ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს ხელი მოაწერა და დაამტკიცა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა.
კერძოდ, ძალაში შევიდა კანონი „აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირებისა და მისი გამოყენების წესის“ შესახებ.
„მოხდეს აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირება“, – ნათქვამია დოკუმენტში.
გარდა ამისა, დამტკიცდა “კონსტიტუციური კანონი” „აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემის შესახებ შეთანხმების განხორციელების ღონისძიებების დამტკიცებისა და მისი გამოყენების წესის შესახებ“.
მასში ნათქვამია, რომ კანონი „კრძალავს დოკუმენტში მითითებული ობიექტების, მიწის ნაკვეთებისა და საზღვაო აკვატორიის, აგრეთვე შენობა-ნაგებობების მესამე პირზე გადაცემას ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ასევე მომავალში იმ ობიექტების მესამე პირებისთვის გადაცემას, რომლებიც მომავალში აშენდება. აკრძალვა მოქმედებს ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაშიც”.
კანონის თანახმად, მხარის ან მხარეების მიერ შეთანხმების შეუსრულებლობა გამოიწვევს „რუსულ-აფხაზური ხელშეკრულების შეწყვეტას, მის დენონსაციას და ობიექტების აფხაზეთის საკუთრებაში დაბრუნებას“.
დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა ცვლილება შეიტანეს სამოქალაქო კოდექსშიც, რომლის მიხედვით „უცხო სახელმწიფოს შეიძლება მიენიჭოს მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლება აფხაზეთის რესპუბლიკის რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულების, ამ კოდექსისა და მიწის კანონმდებლობის შესაბამისად“.
ცვლილებები შევიდა ოკუპირებული აფხაზეთის „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ კანონშიც“. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „თუ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულება აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციითა და კონსტიტუციური კანონებით განსაზღვრულისგან განსხვავებულ ნორმებს ადგენს, მაშინ უპირატესობა ენიჭება აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონებით განსაზღვრულ ნორმებს“; „აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულება ასევე შეიძლება შეწყდეს დენონსაციის გზით, თუ მისი განხორციელება ზიანს აყენებს სუვერენიტეტს, საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას ან ეწინააღმდეგება აფხაზეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივ წესრიგს“.
ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პარლამენტმა გამთენიისას მოახდინა „რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების“ რატიფიცირება, რომლითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკი რუსეთს გადასცა.
ოპოზიციონერებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებას “სამარცხვინო” უწოდეს და მისი გაუქმება მოითხოვეს.
· 2022 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემული „ობიექტი“ ბიჭვინთაში მოიცავს მოძრავ და უძრავ ქონებას (გარდა მიწის ნაკვეთებისა და ზღვის მონაკვეთისა). აფხაზური მხარე მას დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში უსასყიდლოდ გადასცემს რუსეთს.
· რუსულ მხარეს 49 წლით ეძლევა მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მდებარეობს ობიექტი და ობიექტის მიმდებარე ზღვის აკვატორია. სანაცვლოდ რუსეთი თითოეულ ნაკვეთზე გადაიხდის ქირას, წელიწადში 1 რუბლს.
· რუსეთის მხარეს, აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით, იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთებზე უფლება აქვს აწარმოოს კაპიტალური მშენებლობა. აშენებული შენობა-ნაგებობები რუსეთის მხარის საკუთრებაში იქნება.
· დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსული მხარე იყენებს ობიექტს, მიწის ნაკვეთებს და ზღვის მონაკვეთს სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად, სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული პირების მონაწილეობით. ასევე – რეკრეაციული მიზნებისთვის.
· მხარეები თანხმდებიან, რომ დოკუმენტი იდება 49 წლით და ავტომატურად გახანგრძლივდება შემდეგი 15 წლით, თუ რომელიმე მხარე დოკუმენტის ვადის ამოწურვამდე მინიმუმ 6 თვით ადრე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ.
· ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამოიწვევს მოძრავ და უძრავ ქონებაზე საკუთრების შეწყვეტას.
· ოპოზიციონერებმა, სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ აფხაზეთში მოითხოვეს, რომ ე.წ. პარლამენტს არ მოეხდინა დოკუმენტის რატიფიცირება და “აფხაზეთის ლიდერს” შეთანხმება გაეწვია.
· რუსეთისთვის ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის გადაცემის საკითხზე კომენტარი გააკეთა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ. მისი თქმით, საკითხის განხილვასთან თანმდევმა საინფორმაციო გაშუქებამ “ზიანი მიაყენა აფხაზურ-რუსულ დიალოგს. რუსეთი კი, მისი თქმით, „აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის ბირთვია“. „თუ რუსეთთან ურთიერთობა დავკარგეთ, დავკარგავთ ჩვენს მთავარ მოკავშირეს და მსოფლიო ძალას“, – აღნიშნა არძინბამ.
· საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას “არალეგიტიმურს უწოდებს”. მანამდე მან მიმდინარე პროცესს “რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმა” უწოდა, დაგმო ის და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოუწოდა.
· ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის საკითხზე საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას რეაგირებისკენ სამოქალაქო სექტორმა და პარლამენტის ცალკეულმა დეპუტატებმაც მოუწოდეს.
· გასული წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების გონივრული პოლიტიკით „გააერთიანებენ ქვეყანას“. პოლიტიკოსებს კი მან მოუწოდა, რომ ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხა საჭირო არ არის.