რუსული სამთავრობო მედიის, “TASS-ის” ინფორმაციით, დე ფაქტო აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტი ასლან ბჟანია, რომელმაც თანამდებობა ამ კვირაში დატოვა, ამჟამად აფხაზეთის ფარგლებს გარეთ იმყოფება.
“აფხაზეთში არ ვარ, გარკვეული დღეებით მივფრინავ მოსკოვში” ,- განაცხადა ბჟანიამ.
19 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ბჟანიას გადადგომის შესახებ განცხადება დაამტკიცა.
“ნუჟნაია გაზეტას” ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობა 31-მა დეპუტატმა მიიღო, 2 ბიულეტენი ბათილად გამოცხადდა.
“ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი 28 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ერთმა დეპუტატმა ხმა წინააღმდეგი მისცა. პარლამენტმა კენჭისყრის შედეგები დაამტკიცა”, – წერს ტელეგრამ არხი.
დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი, ბადრა გუნბა შეასრულებს.
იქამდე, 15 ნოემბერს დაწყებული პროტესტის ფონზე ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ დე ფაქტო ოპოზიციის მოწოდებების მიუხედავად, გადადგომას არ აპირებდა, თუმცა, მოგვიანებით მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მზად არის, გადადგეს მას შემდეგ, როდესაც პროტესტის მონაწილეები სოხუმის სამთავრობო შენობების კომპლექსს დატოვებენ. გარდა ამისა, ბჟანიამ აღნიშნა, რომ მზად არის, შემდგომ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა კვლავ წარადგინოს.
პროცესებს წინ უძღოდა ოპოზიციის პროტესტები რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო, რომელსაც ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდა. კანონპროექტი უკვე უკან გაიწვიეს. პროტესტების დროს ოპოზიციის მხარდამჭერებმა დაიკავეს „სახელმწიფო შენობები“, ასევე შეანგრიეს დე ფაქტო პარლამენტის ჭიშკარი. საპოლიციო ძალებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს.რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც რუსულ კომპანიებს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს.აღნიშნულ შეთანხმებას ეწინააღმდეგებიან აფხაზური საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერები.დოკუმენტს ხელი მოაწერეს დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა.