ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქებისას 3 ადამიანი გარდაიცვალა, 3 – დაშავდა – შსს

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე, „ბეთლგრაუნდის“ სასროლეთში აფეთქებისას დაშავებული 4 ადამიანიდან ერთი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
აფეთქება ბოჭორმის ქუჩა N12-ში, მაღაზია „ბეთლგრაუნდის“ სასროლეთში დღეს მოხდა. აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. 3 დაშავებული დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული. ექიმის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავებული 3 მამაკაციდან 1 რეანიმაციაში, ორი კი ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული.
შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას სრულად გთავაზობთ:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია „ბეთლგრაუნდის” სასროლეთში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყეს, რაც ელექტრო-ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე მუშაობას აგრძელებენ, ექსპერტ-კრიმინალისტები, გამნაღმველები და სხვა შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.
ასევე ადგილზე მუშაობენ, სხვადასხვა დარგის ექსპერტები-მათ შორის, სახანძრო და ფეთქებად საშიში საგნების კვლევის სამსახურის ექსპერტები, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ენერგეტიკის მიმართულების ინჟინერ ექსპერტი.
აფეთქების მიზეზების დასადგენად, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია „ბეთლგრაუნდის” სასროლეთში მომხდარ აფეთქებაზე, შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ, მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.
მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან 2 გარდაცვლილი და 4 დაშავებული გამოიყვანეს, რომელთაგან ერთი კლინიკაში გარდაიცვალა.
გარდაცვლილთაგან 1 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. დაშავებული პირებიდან ორი მათგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, ხოლო ერთი, მაღაზია „ბეთლგრაუნდის” თანამშრომელია“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.