ბოჭორიშვილმა დიპლომატიური სამსახურის გავლის წესები შეცვალა – საიას შეფასებით, უკანონოდ

ცვლილებები, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” შეფასებით, ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს და სამსახურს პარტიულ ინტერესებს უქვემდებარებს.
ბრძანება მომავლის თარიღით
მაკა ბოჭორიშვილმა 2025 წლის 27 იანვარს შეიტანა ცვლილებები დიპლომატიური სამსახურის გავლის წესებში.
ეს წესი, წინა ფორმით, 2019 წელს მიღებული ბრძანების საფუძველზე არსებობდა.
ცვლილება – „ბრძანება №01-74“ – 27 იანვარსაა შეტანილი, თუმცა „საკანონმდებლო მაცნეში“ თარიღი დოკუმენტის დასაწყისშივე არასწორადაა მითითებული – წერია „2025 წლის 27 ნოემბერი“.
ვინაიდან ეს თარიღი ჯერ არ დამდგარა, საიას შეფასებით, ეს დეტალი „სამართლებრივ გაუგებრობას ქმნის“.
ადმინისტრაციული ხელშეკრულება
ბრძანებით უკვე ძალაში შესული ცვლილებებით:
დიპლომატიურ თანამდებობებზე შესაძლებელი გახდა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დანიშვნა.
ცვლილების ძალით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დაინიშნებიან:
· სამინისტროს გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი,
· დეპარტამენტის დირექტორი,
· დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე,
· მინისტრის სამდივნოს უფროსი.
საიას შეფასებით, ეს ეწინააღმდეგება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონს.
ეს იმიტომ, რომ, როგორც ორგანიზაცია განმარტავს, “დიპლომატიური სამსახურის შესახებ” კანონი ამ თანამდებობებზე დასაქმებულებს არ განიხილავს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად.
„ეს კანონი, არის უფრო სპეციალური, ვიდრე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი. იგი განმარტავს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ცნებას და პირდაპირ ადგენს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს „არ უკავია ამ კანონით დიპლომატიური თანამდებობის პირისთვის, ადმინისტრაციული პერსონალისთვის ან ტექნიკური პერსონალისთვის გათვალისწინებული თანამდებობა“, – განმარტავს საია.
მინისტრს მობმული პოზიციები
მაკა ბოჭორიშვილის მიღებული ბრძანების შედეგად, მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, ავტომატურად შეწყდება ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პოზიციაზე დანიშნული ადამიანების კონტრაქტებიც.
„პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან და მის მოადგილესთან გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს“ შორის ჩამოთვლილია:
გარდაცვალება, ნარკოტიკების მოხმარება, მძიმე დისციპლინური გადაცდომა, სხვა თანამდებობაზე დანიშვნა და ა.შ..
ამ სიას დაემატა ჩანაწერი: „მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა“.
საიას შეფასებით, ეს „პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების პირდაპირი მექანიზმია“.
„ცვლილებები უკანონოდ ამცირებს დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული პირების დამოუკიდებლობას და ახდენს საჯარო სამსახურის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას“, – მიიჩნევს ორგანიზაცია.
ამ ნაწილში, საიას თანახმად, ბრძანება ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს და საზოგადოებრივი სამსახურის დემოკრატიულ პრინციპებს.
კერძოდ, 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძის საქმეზე, – საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ახალი მერის არჩევის შემთხვევაში უფლებამოსილების შეწყვეტა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისთვის.
· „საკონსტიტუციო სასამართლოს თქმით, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელია პროფესიონალიზმი, გამოცდილება, პიროვნული უნარები და ყველა ის თვისება, რაც მოხელეს ხელს უწყობს მაქსიმალურად კარგად შეასრულოს დაკისრებული ამოცანები“;
· „ამასთან საკონსტიტუციო სასამართლომ გააკრიტიკა ის, რომ ახალი მერის არჩევისას ავტომატურად ხდებოდა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტა, ისე რომ ახლად არჩეულ მერს არ ჰქონდა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის უნარების შეფასების შესაძლებლობა“, – აცხადებს ორგანიზაცია.
„რეპრესიების გაგრძელება“
საია მიიჩნევს, რომ დიპლომატიური სამსახურის გავლის წესებში შეტანილი ცვლილებები „მკაფიო გაგრძელებაა საჯარო მოხელეებისკენ მიმართული რეპრესიებისა“.
2024 წლის ბოლოს, ს ხელმოწერის შემდეგ, ძალაში შევიდა სადავო პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში.
ამ ცვლილებებით, უფლებადამცველების თქმით, პოლიტიკური ნიშნით დასაქმებულთა გათავისუფლება გამარტივდა. მანამდეც და მას შემდეგაც საჯარო სამსახურებიდან გაათავისუფლეს არაერთი ადამიანი, რომლებმაც საჯაროდ დააფიქსირეს კრიტიკული პოზიციები „ქართული ოცნების“ მიმართ და პროევროპულ დემონსტრაციებს მხარი დაუჭირეს.
ამ კონტექსტში ხედავს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მაკა ბოჭორიშვილის ბრძანებასაც:
„2024 წლის 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც საჯარო მოხელეებმა, ასევე, გამოხატეს პროტესტი „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ, რომელმაც შეაჩერა ევროკავშირში მოლაპარაკების პროცესი, ინტენსიურად დაიწყო საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე ზეწოლა, რაც, საბოლოოდ აისახა საჯარო სამსახურის კანონში შეტანილი ცვლილებებით“, – აცხადებს ორგანიზაცია.
საია ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ „ერთ-ერთი პირველები საჯარო მოხელეთა შორის, რომლებმაც ღიად დაგმეს მიმდინარე მოვლენები, რასაც შედეგად მოჰყვა მათი და ზოგადად კრიტიკული აზრის მქონე საჯარო მოხელეების გათავისუფლების პირდაპირი თუ ირიბი მუქარა და თანამდებობის დატოვებისკენ მოწოდებები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან“.