ბოჭორიშვილი ვერ პასუხობს კითხვას, რატომ საუბრობენ ელჩების გაძევებაზე, თუ ამას არ აპირებენ

ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ უწყებაში საქართველოში აკრედიტებული ელჩების დაბარების მიზანი – “4 ოქტომბრის არჩევნებთან და ამ დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მათთვის ინფორმაციის მიწოდებაა”.
ის ამბობს, რომ ისაუბრეს საერთაშორისო გამოხმაურებებზე, რომლებიც, მისი მტკიცებით, “ხშირ შემთხვევაში, არასწორად ასახავს და ეხმაურება განვითარებულ მოვლენებს და ხდის მცდარ აღქმებსა და წარმოდგენებს საქართველოზე”.
ჟურნალისტის კითხვაზე, დაიბარეს თუ არა საერთაშორისო დიპლომატები “საყვედურისთვის”, ბოჭორიშვილი პასუხად ამბობს: “ელჩები საყვედურისთვის არ დაგვიბარებია, ელჩები დავიბარეთ იმისთვის, რომ მიგვეწოდებინა ობიექტური ინფორმაცია”.
ის კვლავ ირწმუნება, რომ საქართველოში ზოგიერთი აკრედიტებული ელჩი “არ იქცევა ვენის კონვენციის შესაბამისობაში”.