საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებასა და რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დაწყებულ რეგულარულ ფრენებზე შეშფოთებას გამოთქვამს.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთსა და აფხაზეთის ე.წ. მთავრობას შორის დადებული შეთანხმება სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემისა და ექსპლუატაციის შესახებ, “წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების, მათ შორის გაეროს წესდების და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) კონვენციის უხეშ დარღვევას, რომლის წევრებიც არიან როგორც საქართველო, ასევე რუსეთის ფედერაცია.”
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას ასევე გამოთქვამს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან სარკინიგზო მიმოსვლის განხორციელებაზე.
“საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს შესაბამისი საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებას და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ ქმედებებზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის და ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად”, – წერია უწყების განცხადებაში.
***
რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის რეგულარული ფრენები 1-ელი მაისიდან დაიწყება.
პირველი რეისი 3 მაისს იყო დაგეგმილი, თუმცა, რუსული მედიის მტკიცებით, მაღალი მოთხოვნის გამო, ავიაკომპანიამ გადაწყვიტა, დამატებითი რეისი დღეს, 1-ელ მაისს შეასრულოს.
პირველ ფრენას UVT Aero შეასრულებს. გარდა ამისა, ოკუპირებულ სოხუმში იფრენენ მოსკოვიდან Ifly, მოსკოვიდან და კრასნოიარსკიდან NordStar. ყველა ავიაკომპანია ევროკავშირის მიერაა სანქცირებული.