ბოსნია-ჰერცეგოვინის შემადგენლობაში მყოფ სერბთა რესპუბლიკის ლიდერმა, მილორად დოდიკმა, რომელიც ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულია და მას პერიოდულად ხვდება, გაიწვია უცხოელი აგენტების კანონი, რომელსაც დასავლეთში აკრიტიკებდნენ.
დოდიკის რიტორიკა თავად კანონპროექტთან დაკავშირებით წააგავდა ქართული ოცნების ნარატივს, თითქოს აგენტების კანონი ამერიკულ FARA-ზე უფრო მსუბუქია. სერბთა რესპუბლიკის ლიდერის განმარტებით, მათი კანონპროექტი ევროპულ ნორმებთან წინააღმდეგობაში იყო და გადასახედად გაიწვიეს. მისივე თქმით, უცხოელი აგენტების კანონს სხვა სახით დააბრუნებენ.
“გასულ დღეებში ჩვენ გვქონდა კონსულტაცია სერბთა რესპუბლიკის მთავრობასთან და ეროვნული ასამბლეის მმართველ უმრავლესობასთან კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებდა არაკომერციული ორგანიზაციების სპეციალურ რეგისტრაციასა და საქმიანობის გასაჯაროებას. ყველა კანონთმცოდნე, ვინც ეს კანონპროექტი განიხილა, თანხმდება, რომ ის სრულად შეესაბამება აშშ-ში მოქმედ კანონს და ის ფორმითა და კანონიერი ნორმებით უფრო ლმობიერია. თუმცა, ჩანს გარკვეული წინააღმდეგობები, რომლებიც ეხება ევროპულ ნორმებს და რადგან სერბთა რესპუბლიკა ევროპული გზის ერთგულია, შევთანხმდით, რომ გაგვეწვია კანონპროექტი და დამატებით შეგვეწყო ის ევროპული კანონმდებლობისთვის. ასე რომ, კანონპროექტი გაწვეულ იქნა დამატებითი კოორდინაციისთვის და გარკვეული დროის შემდეგ ის პროცედურას კვლავ დაუბრუნდება.” – წერს დოდიკი საკუთარ X-ზე.
დასავლურ ორგანიზაციებსა და ევროკავშირში შეშფოთებული იყვნენ, რომ ნაწილობრივ ავტორიტარულ სერბთა რესპუბლიკაში კანონს არა გამჭვირვალობისთვის, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, თავისუფალ მედიასა და ოპოზიციაზე ზეწოლისთვის გამოიყენებდნენ. ამ თვის დასაწყისში ბოსნიელ სერბებს ეუთომ მოუწოდა, რომ არ მიეღოთ აღნიშნული კანონპროექტი.
“[კანონპროექტი] ძირს უთხრის გაერთიანების თავისუფლებას, რომელიც უმნიშვნელოვანესია მრავალფეროვანი და ინკლუზიური სამოქალაქო საზოგადოებისთვის, დამოუკიდებელი მედიისთვისა და ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის.” – ეწერა ეუთოს ბოსნიის ოფისის განცხადებაში.
დოდიკის ოპოზიციაში ამბობდნენ, რომ კანონი კიდევ უფრო მეტად შეზღუდავდა მათ თავისუფლებებს, ვინც ხელისუფლების საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამდა.