ბოსნიელი სერბი გენერლის, რატკო მლადიჩის საპატიმროში გარდაცვალებას ბოსნია-ჰერცეგოვინის რამდენიმე ქალაქში მოჰყვა მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები, ამის შესახებ სააგენტო KNA იუწყება პარასკევს, 28 აგვისტოს.ადგილობრივი მედიის ცნობით, მგლოვიარეები ქუჩებში სანთლებს ანთებდნენ, ხოლო ეკლესიებში – ძირითადად იმ დასახლებებში, სადაც ეთნიკური სერბები ცხოვრობენ – მსჯავრდადებული სამხედრო მოღვაწის სულის მოსახსენიებელი პარაკლისები აღევლინა. ასობით ადამიანი გამოვიდა სერბეთის საზღვართან მდებარე ქალაქ ზვორნიკში: ისინი სერბულ დროშებს აფრიალებდნენ, ტაშს უკრავდნენ და გენერლის ფოტოებით ხელში მის სახელს სკანდირებდნენ. მსგავსი აქციების შესახებ იტყობინებიან დედაქალაქ სარაევოს სერბული რაიონებიდან და სხვა დასახლებული პუნქტებიდან.სწორედ ზვორნიკსა და მეზობელ ბრატუნაცში გადაჰყავდათ 1995 წელს, ბოსნიის ომის დროს, სრებრენიცაში ხელში ჩაგდებული ადამიანები ბოსნიელ სერბთა ძალებს მასობრივი დახვრეტებისთვის. მოგვიანებით ზვორნიკის რაიონში გენოციდის მსხვერპლთა მასობრივი სამარხებიც აღმოაჩინეს.ბოსნიელი მუსლიმების მასობრივი მკვლელობები მლადიჩის სარდლობის ქვეშ მყოფმა ჯარისკაცებმა განახორციელეს. ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ ის 1996 წელს ბოსნიის სერბთა რესპუბლიკის სხვა ხელმძღვანელთან ერთად ცნო სამხედრო დამნაშავედ ბოსნია-ჰერცეგოვინის 1992-95 წლების ომის დროს და გენოციდის მონაწილეობის ბრალი წაუყენა სარაევოს ალყისა და სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობის გამო, როცა სრებრენიცაში 8000-მდე მუსლიმი კაცი და ბიჭი მოკლეს.ამავე დროს ოფიციალური ბელგრადი კვლავ ერიდება იურიდიულად აღიარებული ტერმინი „გენოციდის“ გამოყენებას იმ სამხედრო დანაშაულებთან მიმართებით, რომლებიც მლადიჩის სარდლობით მოქმედმა ბოსნიელ სერბთა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ჩაიდინეს სრებრენიცაში და სარაევოს სასტიკი ალყის დროს.



