“ბორჯღალოსნები” | ფიჯის ბათუმში ვერ ვაჯობეთ

2024 წლის ზაფხულის ტესტ-სერიის პირველ მატჩში, ფიჯიმ ბორჯღალოსნებს ს „აჭარაბეთ არენაზე“ სამი ლელო გაუტანა და 21:12 გაიმარჯვა.
ეს იყო ამ გუნდების მერვე დაპირისპირება და კუნძულელებმა ერთი მარცხისა და ერთი ფრის წილ, მეექვსე გამარჯვება მოიპოვეს. „მფრინავები“ საქართველოს 12 წლის შემდეგ მეორედ ეწვივნენ და მეორედაც გაიმარჯვეს. ბორჯღალოსნებმა „აჭარაბეთ არენაზე“ მეორედ ითამაშეს და ორი წლის წინ, ტიერ1-ის გუნდი იტალია ისტორიაში პირველად დაამარცხეს, თუმცა იგივეს გაკეთება ბოლო დროის პრინციპულ მეტოქე ფიჯისთან ვეღარ მოახერხეს.
რიჩარდ კოკერილმა მეტოქეს გადახალისებული შემადგენლობა დაუპირისპირა და რამდენიმე გადაადგილებაც განახორციელა. ლუკა
მატკავამ ფულბეკის პოზიციაზე ითამაშა, დებიუტი ჰქონდა და 303-ე ბორჯღალოსანი გახდა ‘სტად ფრანსეს” კვაჭი ლუკა პეტრიაშვილი, რომელიც შეცვლაზე შევიდა. 23-კაციან განაცხადში 7 ისეთი მოთამაშე იყო, რომელთა ანგარიშზე 10-ზე ნაკლები კეპია, თუმცა ფიჯისთან მეორე მოგების იმედი თამაშის დასრულებამდე არავის დაუკარგავს.
მატჩის მსვლელობიდან გამომდინარე, რეალურად ამის შანსი იყო, რადგან ბორჯღალოსნების მსგავსად შეცდომები ფიჯისაც მრავლად ჰქონდა, მაგრამ ამით მეტოქემ უკეთ ისარგებლა.
შეხვედრის დებიუტი საქართველოსი იყო. ფიჯი პირველსავე ბურთზე დაჯარიმდა, თედო აბჟანდაძემ ბურთი დერეფანში გადაიტანა, რასაც ფორვარდების რამდენიმე დარტყმა და მერე ბურთის ხაზზე გატანა მოყვა, მაგრამ აკა ტაბუცაძემ დამიწება ვერ მოახერხა და ჯარიმის უპირატესობა დაგვიბრუნდა, რომელიც ლუკა მატკავამ 3 ქულად აქცია.
ამას მალევე მოყვა ჩვენი შეცდომები: სამჯერ დავჯარიმდით, ფიჯიმ მოლში ორჯერ დაგვძრა და მე-10 წუთზე ვილიამე მატამ ლელო გაიტანა. საპასუხოდ საქართველომ კარგად შეუტია, ყველა ჯერზე იყო წინსვლა, ახლა კვლავ ფიჯი დაჯარიმდა და მატკავამ ლიდერობა დაგვიბრუნა. ტაიმის შუაში ვანო კარკაძემ და გიორგი ჯავახიამ დომინანტური ბოჭვები შეასრულეს, ილია სპანდერაშვილი ბურთზე ჩავიდა და ჯარიმა გამოიმუშავა. რადგან კარამდე 55 მეტრი იყო, დარტყმა დავით ნინიაშვილმა ითავა, თუმცა მიზანმა უმტყუნა.
ამას კვლავ შეცდომების სერია მოყვა: ჯერ ბურთი ვერ შევინარჩუნეთ, მერე კიტიონე სალავამ რაქიდან მოულოდნელად შეუტია, დიდი მანძილი მოიგო და ჩვენს 22-ში შევიდა, იქ ფიჯი ჩვეულ სტილში აბურთავდა და პენიასი ნდაკუნავამ მარცხენა ალამთან ლელო გაიტანა. საპასუხო ლელოს გატანა მალევე შეგვეძლო. ფიჯი კარის წინ 6-7 მეტრში დაჯარიმდა, ვასილ ლობჟანიძემ ბურთი სწრაფად გაათამაშა და ის კონტაქტისას დაკარგა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე არ დააფიქსირა.
28-ე წუთზე ფიჯის რაქში ამოვაცალეთ ბურთი, სპანდერაშვილმა და ჯავახიამ კარგად შეუტიეს, მეტოქე დაჯარიმდა და მატკავამ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, რაზეც ფიჯიმ ჯარიმითვე 34-ე წუთზე გვიპასუხა. შესვენებამდე თედო აბჟანდაძემ არეკნით სცადა 3 ქულის აღება, მაგრამ მიზანმა უმტყუნა, გაწითლებულ დროზე კი ლუკა ივანიშვილი გვიანი ბოჭვისთვის სინბინით დაისაჯა.
მეორე ტაიმის მე-10 წუთზე ფიჯიმ უპირატესობა ჯარიმით გაზარდა. აბჟანდაძეს საპასუხოდ მეორე არეკნი გაუცუდდა, მერე კი ჯარიმის კარში დარტყმას ლელოზე თამაში ვარჩიეთ, მაგრამ ჩვენი დერეფანი დავთმეთ. 62-ე წუთზე ფიჯიმ 5-მეტრიანი შერკინებიდან მოკლე ფრთაზე შეგვიტია და ნდაკუნავამ მეორე ლელო გაიტანა.
მატკავამ ჯარიმით მალევე უპასუხა და სხვაობა 9 ქულამდე შეამცირა, 68-ე წუთზე კი სინბინის გამო კაცნაკლული უკვე ფიჯი დარჩა. სამწუხაროდ, მეტოქის 22-ში ჩვენი დერეფანი ისევ დავთმეთ და შანსი ვერ გამოვიყენეთ, 78-ე წუთზე კი, ჯარიმის კარში დარტყმას მისი გათამაშება ვარჩიეთ და მცველებმა ბურთი ლელოში ისევ ჩაგვიხურეს. უკვე გაწითლებულ დროზე ტაბუცაძემ გაჭრა ხაზი, თუმცა ლელოდან 10-12 მეტრში შებოჭეს და თამაშიც სტუმრების გამარჯვებით დასრულდა – 12:21.
ახლა ბორჯღალოსნები იაპონიაში გაემგზავრებიან, სადაც სენდეიში „საკურებს“ 13 ივლისს, ჩვენი დროით 14 საათზე შეერკინებიან.
2024 წლის ზაფხულის ტესტ-მატი

5 ივლისი. ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“.

საქართველო – ფიჯი 12:21 (9:13)

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 11. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), 7. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 8. ბექა გორგაძე (პო, კაპ.);

მარქაფა: 16. ლუკა პეტრიაშვილი (სტად ფრანსე), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. სანდრო ქუნთელია (ლა როშელი), 19. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 20. ბექა საღინაძე (ლიონი), 21. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი); 22. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 23. სანდრო თოდუა (შავი ლომი).
მთავარი მწვრთნელი: რიჩარდ კოკერილი

4 ჯარიმა: მატკავა

1 სინბინი: ივანიშვილი
Rugby.ge
შარიქაზის გარეშე ხაზმა ვერ იმუშავა. გამოცნდა, რომ ჯერჯერობით ერთადერთი შეუცვლელი პერსონაა. მატკავამ 15ზე აშკარად ვერ გაამართლა. თედო საერთოდ არაა ფორმაში. კოკერილის გეგმა გასაგებია, მაგრამ გადაწყობა დააგვიანა კიდეც და ვერც შეძლო. პეტრიასვილს ბევრს ვერ მოთხოვ, შესატამაშებლად დრო იყო ნული+ როდესაც იმათ 5 კაცს შეუძლუა ახტომა და შენ ერთი გტავს, გასაგებია, რომ გამოგიცნობს.
სამწუხაროდ ბევრი ვერაფერი გამოგვივიდა, მაგრამ სამართლიანნობა მოიტხოვს აღინისნოს, რომ მსაჯმა მინიმუმ 10 ქულით გააფუჭა თამაში. მეტი არც წაგვიგია, მაგრამ მსოფლიოზე რაც დაგვმართეს აღარ გვიკვირს. რატომ არ შეიძლება ესეთი უნამუსობები გაპროტესტდეს, გაუგებარია.
გორგაძე ვერ არის ჯარგი კაპუტანი. მეტი ზეწოლაა მსაჯებზე საჭირო.
ერთი სიტყვით ფიჯი არის ჩვენი შემდეგი გადადალახი ეტაპი-ბარიეტი ს, რუმინეთის, სამოა-ტონგის და იტალიის შემდეგ. ეს ფსიქოლოგიური ნავსი გასატეხია.