“ბორჯღალოსნების” სამწვრთნელო შტაბმა იტალიასთან 17 ნოემბერს გასამართი ტესტ-მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
საქართველო შემოდგომის ერთა სერიების ეგიდით, იტალიას გენუაში, “ლუიჯი ფერარიზე” ჩვენი დროით 17:40 საათზე ერკინება. ეს იქნება ამ გუნდების მეექვსე დაპირისპირება, პირველი 2022 წელს ბათუმში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ.
ნოემბრის სანაკრებო ფანჯარაში რიჩარდ ქოქრილის შეგირდებმა პირველი თამაში 10 ნოემბერს მონპელიეში, ოლ ბლექს XV-ის წინააღმდეგ გამართეს. იმ შემადგენლობიდან მთავარმა მწვრთნელმა სასტარტო 15-ში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა.
მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე სანდრო ქუნთელიას ნაცვლად თამაშს ირაკლი აფციაური იწყებს, რომელიც მარქაფიდან დაწინაურდა. სხვა მხრივ შემადგენლობა
უცვლელია. მარცხენა ბურჯად თამაშს ნიკა აბულაძე, კვაჭად კი ზელანდიელებთან ლელოს ავტორი ვანო კარკაძე იწყებს. მეორე ხაზში კვლავ მიხეილ ბაბუნაშვილი და გიორგი ჯავახია შეწყვილდებიან, მესამეში კი ილია სპანდერაშვილს, გიორგი ცუცქირიძეს და თორნიკე ჯალაღონიას ვიხილავთ.
უცვლელია ხაზიც. ღერძზე გუნდის კაპიტან ვასილ ლობჟანიძეს ლუკა მატკავა შეუწყვილდება; ცენტრში თორნიკე კახოიძისა და გიორგი კვესელაძის დუეტს ვიხილავთ, ფრთებზე სანდრო თოდუა და აკა ტაბუცაძე დადგებიან, ფულბეკი კი დავით ნინიაშვილი იქნება.
სამი ახალი სახეა მარქაფაში. ბურჯის პოზიციაზე შეცვლაზე ვიხილავთ ლუკა ჯაფარიძეს, მეორე ხაზში ლადო ჩაჩანიძეს, 9 ნომრის პოზიციაზე კი გელა აფრასიძე ბრუნდება. წინა თამაშის მსგავსად ახლაც შეცვლაზე არიან კვაჭი ლუკა ნიორაძე, ბურჯი გიორგი ახალაძე, მესამეხაზელი ლუკა ივანიშვილი და ხაზის მოთამაშეები – თედო აბჟანდაძე და დემურ თაფლაძე.
საქართველოსა და იტალიის შეხვედრას გამოცდილი ახალ ზელანდიელი რეფერი ბენ ო’კეფი იმსაჯებს.
2024 წლის შემოდგომის ტესტ-მატჩები
17 ნოემბერი. გენუა (იტალია). ლუიჯი ფერარი
იტალია – საქართველო (17:40 საქ. დრო)
საქართველო
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე (კაპ.);
შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. ვანო კარკაძე, 3. ირაკლი აფციაური, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. გიორგი ჯავახია, 6. ილია სპანდერაშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.
მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე, 17. გიორგი ახალაძე, 18. ლუკა ჯაფარიძე, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. ლუკა ივანიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. თედო აბჟანდაძე, 23. დემურ თაფლაძე.
Rugby.ge