“ბათუმელების” ცნობით, ქალაქ ბორჯომში, „ოცნების“ მთავრობის განკარგულებით, 4,9 ჰექტარ მიწის ნაკვეთს შეუწყდა ტყის სტატუსი და მას პირობებიან აუქციონზე გაყიდიან. საწყისი გასაყიდი ფასი 3,94 მილიონი ლარი იქნება. მომავალმა მესაკუთრემ აქ „გამაჯანსაღებელ-დასასვენებელი კომპლექსი“ უნდა შექმნას.
„განხორციელდეს სახელმწიფო ტყის საზღვრის კორექტირება და სახელმწიფო ტყის სტატუსი შეუწყდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ბორჯომში, „პლატოზე“ მდებარე 49 246.00 კვ/მ არასასოფლო-სამეურწეო [სახელმწიფო ტყის ფონდი] დანიშნულების მიწის ნაკვეთს“ – აღნიშნულია 2025 წლის 1-ელი ოქტომბრის განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
ამავე განკარგულებით მოწონებულია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია აღნიშნული მიწის ნაკვეთის პირობებიან ელექტრონულ აუქციონზე პრივატიზების და საწყის გასაყიდ ფასად 3 მილიონ 940 ათასი ლარით განსაზღვრის თაობაზე.
ბორჯომის „პლატოზე“ მდებარე ნაკვეთი შემდეგი პირობებით გაიყიდება:
საპრივატიზებო თანხის გადახდა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 45 დღის ვადაში;
შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში 500 ათასი ლარის ოდენობის ფულადი კომპენსაციის გადახდა ეროვნული სატყეო სააგენტოს ანგარიშზე;
შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 32 თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე გამაჯანსაღებელ-დასასვენებელი კომპლექსის შექმნას (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) ღია ან/და დახურული ტიპის აუზ(ებ)ს, სპორტულ მოედნებს, არანაკლებ 30 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომ(ებ)ს, გარე განათების მოწყობას, უძრავი ქონების ან მისი ნაწილის გამწვანებას), საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ექსპლუატაციაში მიღება და გამაჯანსაღებელ-დასასვენებელი კომპლექსის ფუნქციონირების დაწყება;
ვალდებულების შესრულების მიზნით არანაკლებ 2 მილიონი ლარის ინვესტიციის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) განხორციელება;
უძრავი ქონების არანაკლებ 75% ფართობზე არსებული მერქნიანი მცენარეებისა და ბუნებრივი ეკოსისტემების შენარჩუნება/დაცვა
