ბორჯომის საკურორტო ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობების შემთხვევები გამოვლინდა- აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2021-2022 წლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა საკურორტო ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობების შემთხვევები. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, უნებართვო მშენებლობისთვის გამოვლენილი და დაჯარიმებულია 102 პირი.
„2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტში უნებართვო მშენებლობისთვის გამოვლენილი და დაჯარიმებულია 102 პირი. საჯარიმო სანქციები გამოყენებულია საკურორტო ზონაში მდებარე კომერციული ობიექტების მშენებლობისას.
საკითხის შესწავლით დგინდება, რომ მერიის მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის არსებულისისტემა გაუმართავია, რაც ვერ უზრუნველყოფს უკანონო მშენებლობების დროულ გამოვლენას.
კერძოდ: მერიამ გამოავლინა უნებართვო მშენებლობის 53 შემთხვევა43 და შესაბამისი პირები დააჯარიმა ობიექტის სამუშაოების დასრულების ეტაპზე, ან როდესაც სამშენებლო სამუშაო დასრულებული იყო და ობიექტი ფუნქციონირებდა“, – აღნიშნულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის აუდიტში.
აუდიტის დასკვნის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ბორჯომის მერიამ საკუთარი საქმიანობის რეკლამისთვის 163.9 ათასი ლარი გადაიხადა.
„შესყიდვების ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერია ინფორმაციას ავრცელებდა გაზეთების, ტელევიზიების და ინტერნეტ მედიის მეშვეობით. აუდიტის ჯგუფი ვერ დარწმუნდა, რამდენად იყო აუცილებელი მუნიციპალიტეტის მიერ ზემო აღნიშნული მომსახურების შესყიდვა და იყო თუ არა დახარჯული ფულადი რესურსი მიღებული შედეგის ადეკვატური“, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა