ბორკილები მედო, მირტყა სანამ არ გავითიშე, სახეში შემაფურთხა | გორში მოქალაქე პოლიციას ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს

გორში მოქალაქე პოლიციას ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. საქმეზე მოკვლევა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.
39 წლის სერგო ბიჩინოვი ამბობს, რომ პოლიციელები მას სასტიკად იმ დროს გაუსწორდნენ, როდესაც წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს და განყოფილებაში გადაჰყავდათ. მისი თქმით, ერთ-ერთი პოლიციელი, მეტსახელად “ჯოყოვიჩი” ურტყამდა თავის არეში, სახეში აფურთხებდა და ემუქრებოდა სიცოცხლის ხელყოფით. საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები სავარაუდო ძალადობის მსხვერპლს უკვე შეხვდნენ და გამოჰკითხეს.
“წამიყვანეს ჯოყოვიჩმა და ოქროპირიძემ, ჩამიყვანეს პიკაპში, გვერდზე მომიჯდა ჯოყოლიჩი, მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზეც მე თავი ვერ შევიკავე და ანალოგიური სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე. ბორკილები მედო და მირტყა და მირტყა სანამ არ გავითიშე. შემაგინა ამ ჯოყოლიჩმა და დააყოლა შენნაირი კაცისაო და შემაფურთხა თან”, – ყვება ბიჩინოვი.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.