ბორელი: “ქართული ოცნების” ქმედებები ქვეყანას ევროპულ გზას აშორებს, რაც ავტორიტარიზმისკენ გადასვლაა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი “ავტორიტარიზმისკენ გადასვლას” უწოდებს მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” ქმედებებს. ამის შესახებ მან ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ბორელის თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო საქართველოს დემოკრატიის გამოცდა იქნება.
“საქართველოში კიდევ უფრო ბნელი სურათია”, – თქვა მან მოლდოვაზე საუბრის დასრულების შემდეგ და გააგრძელა: “მმართველი პარტიის [“ქართული ოცნების”] ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს, რაც ავტორიტარიზმისკენ გადასვლაა. ამიტომაც, ევროინტეგრაციის პროცესი დე-ფაქტო შეჩერებულია. თქვენ იცით, რომ ეს გადაწყვეტილება საბჭომ მიიღო, ევროპულ დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე. მოდი, დაველოდოთ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც იქნება საქართველოს დემოკრატიისა და მისი ევროპული გზის უმნიშვნელოვანესი ტესტი”, – თქვა ჯოზეფ ბორელმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების ბლოკებად გაერთიანება აკრძალულია, ერთადერთი გზა არჩევნებში მათი ერთად მონაწილეობისთვის არის საერთო საარჩევნო სიის შექმნა. საარჩევნო სიაში შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ არჩევნებში მონაწილე პარტიის წევრი ან/და უპარტიო პოლიტიკოსი.

ასევე დაგაინტერესებთ