ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინაზე მორიგი დიდი თავდასხმა შესაძლოა მარტში, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ დაიწყოს.
“კიდევ ერთი მასიური რუსული თავდასხმა შესაძლოა დაიწყოს რუსეთში მარტში, “საპრეზიდენტო” არჩევნების შემდეგ რამდენიმე თვეში. მე დავრწმუნდი, რომ უკრაინელი ხალხი რჩება მტკიცე ბრძოლის გაგრძელების თვალსაზრისით”, – დაწერა მან ბლოგში, რომელშიც კიევში ვიზიტი შეაჯამა.
მან ხაზი გაუსვა, რომ რუსი კოლეგებისგან განსხვავებით, უკრაინელმა მებრძოლებმა იციან, რისთვის იბრძვიან და მათ ჰყოფნით მოტივაცია.
“თუმცა ისინი ამას ვერ შეძლებენ, ჩვენი მხარდაჭერის გარეშე, რომელიც სასწრაფოდ უნდა იყოს გაძლიერებული. იმას, რასაც ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები უახლოეს თვეებში გააკეთებენ, რათა უკრაინას მიაწოდონ იარაღი რუსეთთან წინააღმდეგობისთვის, ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა როგორც უკრაინისთვის, ასევე ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის”, – აღნიშნა ევროკავშირის დიპლომატმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე მოუწოდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ითანამშრომლონ თავდაცვის კომპანიებთან და პრიორიტეტულად მიიჩნიონ უკრაინაში იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება.
ჯოზეფ ბორელი კიევში ვიზიტით გასულ კვირას იმყოფებოდა, სადაც მან პოლიტიკურ ერთობაზე, რეფორმების რეალიზების აუცილებლობასა და დემოკრატიის მექანიზმების ეფექტურ მუშაობაზე ისაუბრა.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა უკრაინისთვის თავდაცვის საშუალებების, ასევე უპილოტო საფრენი აპარატებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მნიშვნელობას.