საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა The Guardian-თან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთი ყოველთვის იმპერია იყო და ერად ვერ ჩამოყალიბდა, ამიტომ მეზობლებისთვის და ევროპული წესრიგისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
“რუსეთმა ვერასდროს შეძლო, გამხდარიყო ერი. ის ყოველთვის იყო იმპერია, ცარის დროს, საბჭოთა დროს და ახლა პუტინის მმართველობისას. ეს რუსეთის მუდმივა და მისი პოლიტიკური იდენტობაა, შედეგად, საფრთხეა მისი მეზობლებისთვის – განსაკუთრებით კი ჩვენთვის”. – თქვა ბორელმა.
ბორელის თქმითვე, ევროპა, ევროკავშირი და ევროპული წესრიგი კაცობრიობას საუკეთესო მოდელსა და ცხოვრების ხარისხს სთავაზობს, ხოლო ამ წესრიგისა და დემოკრატიის დასაცავად რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის დამარცხება არის საჭირო.
“ჩვენ ვართ მაგნიტი ასიათასობით ადამიანისთვის, რომლებსაც ევროპაში ცხოვრება სურთ. მარტივია გავიგოთ, რატომ, როდესაც შევადარებთ ჩვენს ცხოვრების ხარისხს. ჩვენ ვართ პოლიტიკური თავისუფლების, ეკონომიკური კეთილდღეობისა და საზოგადოებრივი ერთობის საუკეთესო კომბინაცია, რომელიც კაცობრიობამ ოდესმე შექმნა. […] იქნებ, ეს არის ის მომენტი, როცა უნდა შევხედოთ დიდი ძალიდან წამოსულ საფრთხეს, რომელიც არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ჩვენს დემოკრატიასა და მთლიან ევროპას ემუქრება”. – თქვა ბორელმა.
ბორელმა აღნიშნა, რომ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინის შენარჩუნებაზე შეთანხმებას არ დათანხმდება და უკრაინაში შეზღუდული გამარჯვებით არ დაკმაყოფილდება, თანაც აშშ-ს არჩევნებს დაელოდება პოტენციურად ხელსაყრელი პირობების გამო, ამიტომ ომს დიდი ხნით გააგრძელებს.
“პუტინი უკრაინის მხოლოდ ნაწილის მიტაცებით და დანარჩენი უკრაინისთვის ევროკავშირში შესვლის ნებართვის მიცემით ვერ დაკმაყოფილდება, ვერც შეზღუდული ტერიტორიული გამარჯვებით. ის ომს თავს არ დაანებებს, განსაკუთრებით აშშ-ს არჩევნებამდე, რომელმაც მას გაცილებით უფრო ხელსაყრელი პირობები შეიძლება შეუქმნას. ამიტომ, მაღალი ინტენსიობის ხანგრძლივი კონფლიქტისთვის უნდა მოვემზადოთ. […] პუტინმა გადაწყვიტა, ომი საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანოს”. – თქვა ბორელმა.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის აზრით, რუსეთი “შეცდა თავისი არმიის შესაძლებლობებზე” და ასევე უკრაინული წინააღმდეგობისა და ევროკავშირის ძალებიც არასწორად შეაფასა. თუმცა, ბორელის თქმით, პუტინი მაინც მზად არის, ომის მოსაგებად საკუთარი მოსახლეობიდან მაქსიმალური ადამიანური მსხვერპლი გაიღოს.
“[რუსეთის] წარმატება ბრძოლის ველზე მაქსიმალური რაოდენობის ადამიანების მოყვანას ეყრდნობა. ამ დროისთვის მათ სიკვდილიანობის, საბრძოლო ველზე გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ, ადამიანურ რეზერვთან ერთად. თებერვალში უკრაინის საზღვარზე 150 000 ადამიანი იყო მობილიზებული, ახლა კი 450 000-ია, შესაბამისად 3-ჯერ მეტი”. – თქვა ბორელმა.
ბორელის თქმით, რუსეთის მხრიდან მასობრივი მობილიზაციის ფონზე, საჭიროა, ევროპამ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოიყენოს.
“და თუ ჩვენ მყისიერად არ შევცვლით აღებულ კურსს, თუ ყველა ჩვენი შესაძლებლობის მობიზილებას ვერ მოვახერხებთ, პუტინს უკრაინაში ომს მოვაგებინებთ. […] მნიშვნელოვანი არის ის, რა შეგვიძლია ვქნათ, რომ რუსეთს ომი არ მოვაგებინოთ. რის გასაკეთებლად ვართ მზად? მზად ვართ, ვქნათ ყველაფერი, რაც საჭირო იქნება? ეს არის კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დავუსვათ…”. – თქვა ბორელმა.