ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით, ჯოზეფ ბორელი ოფიციალური ვიზიტით ლიბანში იმყოფება. ლიბანში ბორელმა ისრაელ-ჰამასის ომზე და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კონფლიქტის ესკალაციის საფრთხეებზე ისაუბრა.
“უმნიშვნელოვანესია, რომ ავირიდოთ ომის ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ესკალაცია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რეგიონულ კონფლიქტში ლიბანი არ ჩაერთოს. ამ მესიჯს ისრაელსაც ვუგზავნი – რეგიონული კონფლიქტით ვერავინ მოიგებს” – თქვა ჯოზეფ ბორელმა პრესკონფერენციაზე.
ლიბანიდან ირანისგან დაფინანსებული ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლა ისრაელ-ჰამასის ომის დაწყებიდან ისრაელის ჩრდილოეთ ტერიტორიებს ბომბავს. ბოლო საპასუხო საჰაერო დარტყმით, ლიბანში ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი სალეჰ არ-არური მოკლეს. ჰეზბოლას ლიდერმა თქვა, რომ არ-არურის მკვლელობის გამო შურს იძიებენ.