ბორელი თავისი განცხადებით სცოდავს, არ მესმის, რატომ გვემუქრება? – გია ვოლსკი

ბორელი თავისი განცხადებით სცოდავს – არ მესმის, რატომ გვემუქრება? არაერთხელ იყო საქართველოში, უყვარს საქართველო, ყოველ შემთხვევაში მის სადღეგრძელოებში ასე ჩანდა, მაგრამ ახლა შეიცვალა პოზიცია და ძალიან ცუდია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა მ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებას, რომ “საქართველოს ტრაექტორია ევროკავშირისას სცილდება”. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ბორელზე “კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ემოციები არ უნდა გადადიოდეს” და მან საქართველოს საერთაშორისო რეიტინგებით უნდა იხელმძღვანელოს.
“ბორელი თავისი განცხადებით სცოდავს, ვინაიდან არასწორ ინფორმაციას აწვდის ევროპულ საზოგადოებას და რაც მთავარია, ქართულ საზოგადოებას. რითი ვცილდებით [ევროპას]? – არცერთი რეიტინგი არ არსებობს, ადამიანის უფლებებიდან დაწყებული, პოლიტიკური და სხვა თავისუფლებებით, ეკონომიკური ასპექტებით, მართლმსაჯულების სისტემით დამთავრებული, რომელიც არ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში მდგომარეობა გაცილებით უფრო უკეთესი და მყარია, ვიდრე ყველა კანდიდატ ქვეყანაში. უფრო მეტიც – აჭარბებს კიდეც იმ მაჩვენებლებს, რომლებიც ევროკავშირის რიგ ქვეყნებს აქვს. ბორელი ამით უნდა ხელმძღვანელობდეს და არა იმ ემოციით, რომელიც მას შეიძლება გაუჩნდეს რადიკალური ოპოზიციის მრავალრიცხოვანი სახელებისგან შემდგარი პეტიციის შინაარსიდან. ეს არის აზრი. სწორედ ეს იყო აზრი “ნაციონალური მოძრაობის” გაფანტვისა, რომ უფრო მეტნი გამოჩნდნენ. ერთი არსებობს – კოლექტიური “ნაცმოძრაობა” და მისი ემოციები არ უნდა გადადიოდეს ბატონი ბორელის ემოციაზე. გადახედოს რეიტინგებს და აქედან გამოიტანოს დასკვნა, სცილდება თუ არა იმ პრინციპებს, რაც დემოკრატიულ სამყაროს აქვს. არ არის ეს სწორი განცხადება – “ვიმსჯელებთ საპასუხო ქმედებაზე”. რისთვის? რომ ეს პატარა, მცირე რესურსების მქონე ქვეყანა თავს იცავს რომ ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს. არ მესმის, რატომ გვემუქრება ბატონი ბორელი? არაერთხელ იყო საქართველოში, უყვარს საქართველო, როგორც ვიყავით დარწმუნებული. ყოველ შემთხვევაში მის სადღეგრძელოებში ასე ჩანდა. მაგრამ ახლა შეიცვალა პოზიცია და ძალიან ცუდია. რის გამო შეიძლება ამხელა ევროპული გაერთიანების, ამხელა სამხედრო, ეკონომიკური რესურსების, პოტენციალის მქონე გაერთიანების წარმომადგენელი კომისარი ემუქრებოდეს პატარა ქვეყანას, რომელიც თავს იცავს, რადგან უნდა, რომ ქვეყანა დესტაბილიზაციის ჭაობში არ ჩაეფლოს. ევროპული სტანდარტის რომელი პრინციპი დაარღვია? გადახედოს ყველა რეიტინგს, რომელიც მეტყველებს იმაზე რომ საქართველო წინ უსწრებს ყველა კანდიდატ და მათ შორის, ევროკავშირის არაერთ ქვეყანას”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, სულ უფრო მეტად შეშფოთებულები არიან საქართველოს ტრაექტორიით, “რომელიც ევროკავშირს შორდება”.
მისი თქმით, სამიტზე საქართველოში არსებული ვითარებაც განიხილეს. „ჩვენ ასევე მოკლედ განვიხილეთ საქართველოში არსებული ვითარება. სულ უფრო მეტად შეშფოთებულები ვართ ამ ქვეყნის ტრაექტორიაზე, რომელიც ევროკავშირს შორდება“, – განაცხადა ბორელმა.
ipn.ge