ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ბლოკი დაგვიანებით შეასრულებს დაპირებას, რომ უკრაინას 1 მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს. ბორელმა, რომელიც კიევში იმყოფება, 11 ნოემბერს European Pravda-ს განუცხადა, რომ ამ დროისთვის, ევროკავშირმა კიევს 980 000 ჭურვი მიაწოდა.
“ვიცი, ჩვენ ვალდებულება ავიღეთ, რომ გაზაფხულამდე დაპირებას სრულად შევასრულებდით და ჩვენ ეს ვერ შევძელით. მაგრამ, ამას შევძლებთ წლის ბოლომდე”, – თქვა ბორელმა. “ჩვენ თითქმის [შევასრულეთ პირობა]. უკვე გადავეცით [უკრაინას] 980 000-ზე მეტი ჭურვი.”
ჩეხეთის ხელმძღვანელობით, ევროკავშირის ცალკე ინიციატივაც არსებობს, რომლის მიზანიც თებერვალში, უკრაინისთვის 500,000-მდე საარტილერიო ჭურვის შეძენა იყო და ეს უნდა მომხდარიყო ევროპის გარეთ ქვეყნებიდან, წლის ბოლომდე. ოქტომბრისთვის, ჭურვების მხოლოდ მესამედზე მეტი ჩაიტანეს უკრაინაში.