ბორელი და ევროკომისია “ოცნებას” რუსული კანონის უკან გაწვევისაკენ მოუწოდებენ

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ საქართველოში მე-3 მოსმენით მიღებულ რუსულ კანონთან დაკავშირებით.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია, ხელისუფლებამ ის უნდა დათმოს და საკუთარი ვალდებულებების შესრულებას შეუდგეს.
“ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით და მხარს უჭერს მათ არჩევანს დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ. დაუშვებელია დაშინება, მუქარა და ფიზიკური თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე, პოლიტიკურ ლიდერებსა და ჟურნალისტებზე, მათ ოჯახებზე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გამოიძიოს ეს ფაქტები, რომლებიც დოკუმენტირებულია.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა იმ გაგებით, რომ ქვეყანა გადადგამდა შესაბამის 9 ნაბიჯს, რაც კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციებშია გაწერილი. ეს ნაბიჯები გულისხმობს იმას, რომ ადამიანის უფლებები უნდა იქნას დაცული, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას უნდა ჰქონდეთ თავისუფლად ფუნქციონირების საშუალება. გადასადგმელი ნაბიჯები მოიცავს ასევე დეპოლარიზაციის მიღწევასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლას.
ამის მიუხედავად, ასევე იმის მიუხედავადაც, რომ ქვეყანაში მასშტაბური პროტესტი მიმდინარეობას და სრულიად ცალსახა მოწოდებები ისმის საერთაშორისო საზოგადოებისგან, საქართველოს მთავრობამ, მმართველმა უმრავლესობამ პარლამენტში მესამე მოსმენით მიიღო კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”. ევროკავშირი მკაფიოდ, ისევ და ისევ აცხადებს, რომ ამ კანონის სულისკვეთება და შინაარსი არ შეესაბამება ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ღირებულებებს. ის ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას. ეს მაშინ, როცა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ძირითადი უფლებებია და მათი დაცვა ძირითადი ვალდებულებაა საქართველოსთვის ასოცირების ხელშეკრულების და ნებისმიერი სხვა გზის ფარგლებში, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აახლოებს.
ამ კანონის მიღება უარყოფით გავლენას მოახდენს საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ. არჩევანი, წინ გადადგამს ნაბიჯს თუ უკან, საქართველოს გასაკეთებელია. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონი, შეასრულოს თავისი ვალდებულება, რაც ევროკავშირისკენ გზაზე აკისრია და განახორციელოს ის რეფორმები, რაც დეტალურად არის გაწერილი 9 ნაბიჯში.
ევროკავშირი მტკიცე მზადყოფნაშია, კვლავაც დაუჭიროს მხარი ქართველებს, იშრომონ საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის”, – წერია ჯოზეფ ბორელის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ