ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა 22 იანვარს ბრიუსელში საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კიევს თებერვლის დასაწყისში ეწვევა.
ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერის საკითხი ერთ-ერთი წამყვანი თემაა.
„მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ახლა არ არის ის დრო, რომ უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა შევასუსტოთ, პირიქით, დროა მეტი გავაკეთოთ და უფრო სწრაფად: ფინანსური რესურსებით, სამხედრო აღჭურვილობით, ჯარისკაცების წვრთნებით და ყველაფრით, რაც უკრაინას თავის დასაცავად სჭირდება“, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.
ბორელმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენების შესახებ პოლიტიკური შეთანხმება არსებობს.
„იმედი მაქვს, ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას, რომ ევროპის მშვიდობის ფონდი 5 მილიარდი ევროთი შევავსოთ, რათა უკრაინის დახმარების ფონდი შეიქმნას“,- დასძინა ბორელმა.