ბონუსის სახით, Kering ლუკა დე მეოს დაახლოებით 24 მილიონ ევროს გადაუხდის, საიდანაც 75%-ს იტალიელი ბიზნესმენი ქეშის სახით მიიღებს, დანარჩენს კი – აქციებით

“რაციონალიზაცია, რეორგანიზაცია, გადაპოზიციონირება” – ამ სიტყვებით, Kering-ში ლუკა დე მეოს მმართველობა იწყება. 9 სექტემბერს, “გუჩის”, “სენ ლორანის”, “ბალენსიაგას” და სხვა ათამდე ბრენდის მფლობელი კომპანიის, Kering-ის აქციონერებმა ოფიციალურად დაუჭირეს მხარი ლუკა დე მეოს გენერალურ დირექტორად დანიშვნას. გასული 25 წელი, ხსენებულ თანამდებობას ფრანგი მილიარდერი – ფრანსუა ანრი პინო იკავებდა. პინომ თანამდებობა აქციონერების უკმაყოფილებისა და პრესის მხრიდან კრიტიკის შემდეგ დატოვა. Kering-ის მრავალმილიარდიანი ბიზნესი ახლა ლუკა დე მეოს პასუხისმგებლობის ქვეშაა. და არა, მას მოდაში არასდროს უმუშავია.
🇮🇹 დე მეო ავტო ინდუსტრიაში ცნობილი ბიზნეს ლიდერია. მისი ხელმძღვანელობით, Nissan -ის შემოსავალი გაორმაგდა, Renault Group -მა კი პანდემიის შემდგომ, კომერციულად რეკორდული ციფრები აჩვენა. ახლა ლუკა დე მეოს მთავარი მისიაა, გააკეთოს Gucci -ში ის, რაც შეძლო Renault Group -ში. 9 სექტემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ლუკა დე მეომ პირველად მიმართა “ქერინგის” აქციონერებსა და პრესას ახალი ლიდერის ამპლუაში. „ჩვენ მოგვიწევს ხარჯების შემცირება და საჭიროების შემთხვევაში, ზოგიერთი ბრენდის რეორგანიზაცია და გადაპოზიციონირება. ამ გადაწყვეტილებების მიღება მარტივი არ იქნება, მაგრამ ჩვენ მას გამჭირვალედ, სიზუსტით და პასუხისმგებლობით შევასრულებთ. მე უკვე გავლილი მაქვს გარდამტეხი მდგომარეობები, თანაც უფრო რთულები.“ – აღნიშნა დე მეომ შეხვედრაზე.
⚡️კითხვაზე, ნახა თუ არა დემნას პირვეელი პროექტი “გუჩიში”, რომლის პრეზენტაციაც 23 სექტემბერს, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართება, ლუკა დე მეომ უპასუხა რომ ჯერ არა, თუმცა 23 სექტემბერს, პრეზენტაციას რა თქმა უნდა, დაესწრება. მისი კონტრაქტი სამუშაოს დაწყებას 15 სექტემბრიდან ითვალისწინებს. ბონუსის სახით, Kering ლუკა დე მეოს დაახლოებით 24 მილიონ ევროს გადაუხდის, საიდანაც 75%-ს იტალიელი ბიზნესმენი ქეშის სახით მიიღებს, დანარჩენს კი – აქციებით.