ქობულეთში, საფეხბურთო კლუბი „ქობულეთის შუქურას“ დაშლა, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირების გურამ ლორთქიფანიძის, გიორგი დემეტრაძის და ჯუმბერ გოგიტიძის დამსახურებაა.
ფინანსურ გარიგებებს და მაქინაციებს ემსხვერპლა გუნდი, რომლის არსებობაც უმნიშვნელოვანესი იყო ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ბონდო თედორაძემ განაცხადა.
მისივე განცხადებით, „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ და დღევანდელმა ადგილობრივმა მმართველებმა, ქობულეთს ფეხბურთი წაართვეს.
„ეს უდიდესი ტკივილი და პრობლემაა როგორც ქალაქისთვის, ისე ადგილობრივი ფეხბურთელებისთვისა და მომავალი თაობისთვის. ქობულეთს მუდმივად ჰყავდა და ჰყავს ისეთი სახელოვანი ფეხბურთელები, როგორებიცაა: რევაზ ჩელებაძე, ავთო გორგილაძე, ჯანო ანანიძე, მიშკა კაკალაძე, შალვა აფხაზავა, კახა მჟავანაძე, აჩიკო რომანაძე, პაატა ჩახუნაიშვილი და სხვები. ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ქალაქისთვის სიხარული მოჰქონდათ. მათ კვალდაკვალ იზრდებოდნენ თაობები, რომელთაც თითოეული ჩვენგანისთვის ასევე დიდი სიხარული უნდა მოეტანა.
სად არის დღეს ქობულეთის შუქურა? გუნდი, ქართულ მაფიოზურ კლანური მმართველობის გამო, უმაღლესი ლიგიდან გავარდა და დღეს საკითხავია, მეოთხე ლიგას ითამაშებს თუ ქობულეთში ფეხბურთი ქობულეთში მეხუთე ლიგიდან დაიწყება?
გუნდსაც და შესაბამისად, ბავშვთა ფეხბურთსაც, დაახლოებით, 10 -წლიანი ვარდნა ექნება, რომელთაც შუქურას უმაღლესი და მეორე ლიგიდან დაქვეითება უდიდეს ტვირთად დააწვათ, რადგან შეწყდება ახალგაზრდების დაფინანსება და ისე როგორც 90-იან წლებში, მშობლებს ტრანსპორტირებისთვის, კვებისა და ტურნირებში მონაწილეობისთვის ფულის შეკრება მოუწევთ.
საინტერესოა, რას ფიქრობს მერი ლევან ზოიძე, რომლის მმართველობის დროსაც მოისპო ფეხბურთი ქობულეთში? მას ამის საწინააღმდეგოდ და ადგილობრივთა სასარგებლოდ არაფერი გაუკეთებია, მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლებისგან რეაბილიტირებული სტადიონი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა ერგოთ, დღეს სად არიან და რას აკეთებენ? რა პოზიცია აქვთ და რა პასუხი ადგილობრივი ახალგაზრდების წინაშე?
თუმცა მათგან ასეთი დამოკიდებულება არც არის გასაკვირი – ხელისუფლებას, რომელსაც არ აინტერესებს ჩვენი ხალხის უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა, ემიგრაციაში მიმავალი უამრავი ჩვენი თანამოქალაქის ყოფა, წარმოუდგენლად გაზრდილი სამომხმარებლო ფასები, რთულია ვესაუბრო ფეხბურთისა და სპორტის მიმართ დაუდევარ, არასწორ პოლიტიკაზე.
ჩვენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვების კოალიცია” ადგილობრივებს ვპირდებით, რომ ეკონომიკური განვითარების, ასობით ათასი სამუშაო ადგილის, სახელმწიფოში ახალი საინვესტიციო გარემოს შექმნისა და მოქალაქეზე ორიენტირებული სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბების პარალელურად, რაც ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პრიორიტეტიზაციისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენს, ქობულეთში მალე დაბრუნდება საფეხბურთო ზეიმი და ახალგაზრდებს კვლავ ექნებათ შანსი ითამაშონ უმაღლეს დონეზე ისე, როგორც ეს გასული ათწლეულების მანძილზე ხდებოდა!“ – განაცხადა ბონდო თედორაძემ.
