ბოლტონი: საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება იყო არასწორი, სამწუხარო და საზიანო

როგორ შეიძლება განვითარდეს შეერთებული შტატებისა და საქართველოს თანამშრომლობა, ორი ქვეყნის ურთიერთობებში ბოლოდროინდელი დინამიკის ფონზე. რა საფრთხეებს ხედავს საქართველოსთვის, „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და თბილისი-პეკინის სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად – ამ კითხვებით, თეთრის სახლის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ მრჩეველს მივმართეთ. რესპუბლიკელი ჯონ ბოლტონი, ს პრეზიდენტობის დროს, მისი თანაშემწე და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, 2018 წლის აპრილიდან, 2019 წლის სექტემბრამდე იყო. თუმცა, ახლა, ის ტრამპის ხმამაღალი კრიტიკოსია. ის ასევე კრიტიკულად უდგება პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას. ინტერვიუში ასევე გაეცნობით ბოლტონის შეხედულებებს, როგორ ხედავს შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობების მომავალს, თუ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ვაშინგტონში ადმინისტრაციის ცვლილებას ვიხილავთ. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი, ქართლოს შარაშენიძე ესაუბრა.
ქართლოს შარაშენიძე, ამერიკის ხმა: ელჩო ბოლტონ, დიდი მადლობა დროის დათმობისთვის. ბოლო დროის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მოვლენის, ნატოს ვაშინგტონის სამიტის შეფასებით დავიწყოთ. რა მოლოდინები გქონდათ და რა იხილეთ შედეგად? როგორ ფიქრობთ, წარმატებული სამიტი იყო?
ჯონ ბოლტონი, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი: ვფიქრობ, სთან დაკავშირებით, პროგრესი ბევრი მიმართულებით იყო. ნამდვილად იყო პროგრესი, მრავალი წლის შემდეგ, ფინეთისა და შვედეთის ალიანსში შესვლის აღნიშვნის შესაძლებლობა.
მაგრამ, გაურკვევლობამ, რომელიც ნამდვილად დომინირებს შეერთებულ შტატებში, ვფიქრობ გამოიწვია შედეგები, რომლებიც არ იყო ისეთი, რაც შეიძლება მოსალოდნელი ყოფილიყო. ვფიქრობ, ვიდრე გაურკვეველი რჩება პასუხი კითხვაზე, ვინ არის შეერთებული შტატების [შემდეგი] პრეზიდენტი, ალიანსის მომავალი გაურკვეველია. ალიანსის წევრებს აწუხებთ, რა შეიძლება მოიტანოს ტრამპის პრეზიდენტობამ, პოტენციურმა შესაძლებლობამ, რომ ნატოდან გამოვიდეს. ვფიქრობ, ეს ძალიან სერიოზული, ლეგიტიმური შეშფოთებაა. სამწუხაროდ ნატოსთვის, ამ კითხვაზე პასუხი ნოემბრამდე არ იქნება.
ამერიკის ხმა: ელჩო ბოლტონ, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, ნატოს გასაძლიერებლად, მის მიერ გადადგმული ნაბიჯები ვიხილეთ, მათ შორის, ალიანსის ბიუჯეტში, წევრი ქვეყნების მეტი კონტრიბუციის მისაღწევად გაწეული ძალისხმევა. ასევე ვიხილეთ ნაბიჯები უკრაინის მხარდასაჭერად, როგორიც იყო შეიარაღების მიწოდება, ს წინააღმდეგ სანქციების დაწესება – ს ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო. თქვენ კრიტიკულად ხართ განწყობილი ორივე, მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტის მიმართ. თუ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, რა მოლოდინები გაქვთ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომთან დაკავშირებით, მისი შესაძლო ნაბიჯების შესახებ და ასევე, როგორ აფასებს, ამ მხრივ, პრეზიდენტ ბაიდენის მიმდინარე პოლიტიკას?
ბოლტონი: ვფიქრობ, ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში, ჩვენ ნამდვილად გადავდგით რამდენიმე ნაბიჯი რუსეთზე ზეწოლის მიზნით, მრავალი მიზეზის გამო. მე, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებებს მხარი დავუჭირე და უფრო შორსაც წავიდოდი. ვფიქრობ, დასავლეთმა დიდი შეცდომა დაუშვა უკრაინაში 2014 წლის კონფლიქტის შემდგ, – არ გამოიყენა ადეკვატური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, საკმარისად არ დაუჭირა მხარი უკრაინას, არ გააკეთა ის, რაც საჭირო იყო რუსეთის ხელახალი შეჭრის თავიდან ასაცილებლად, რაც ცხადია 2022 წლის თებერვალში მოხდა. ეს არის გაკვეთილი, რომელიც ჯერ კიდევ ვერ ვისწავლეთ – ვიდრე რუსეთს თავისი გადაწყვეტილებების რეალური შედეგები არ დაუდგება, არსებობს რუსეთის ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში შესვლის რისკი. ვფიქრობ, ეს ძალიან, ძალიან რეალური რისკია, განსაკუთრებით საქართველოს მსგავსი ქვეყნების შემთხვევაში, რომლებიც არ არიან ნატოს წევრი. ტრამპის პოტენციური პრეზიდენტობის შესახებ, ვფიქრობ, ეს ძალიან შემაშფოთებელია.
ასე კიდევ უფრო მეტად ვფიქრობ, როცა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად მან ჯეი დი ვენსი დაასახელა, რადგან უკრაინაზე მათი შეხედულებები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ასე რომ, პირველი ვადისგან განსხვავებით, სადაც მაიკ პენსი უკრაინის დახმარების ძლიერი დამცველი იყო, ახლა, ვიცე-პრეზიდენტის ოფისში, შეიძლება უკრაინის დახმარების მოწინააღმდეგე იყოს და ვფიქრობ ეს რთული იქნება.
ტრამპმა ბევრი განცხადება გააკეთა, რომ მას შეუძლია პრობლემა ზელენსკის და პუტინის ერთ ოთახში 24 საათის განმავლობაში მოთავსებით გადაჭრას; რომ ამ პრობლემას არჩევის შემდეგ, ინაუგურაციამდეც კი გადაჭრის. ვხედავთ, რომ ტრამპის მრჩევლები გამოდიან წინადადებებით, თუ როგორ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები, რაც შეიძლება არ ასახავდეს ტრამპის ფიქრებს. მაგრამ, მართალი გითხრათ, მას წარმოდგენა არ აქვს, როგორ უნდა დასრულდეს ეს კონფლიქტი, გარდა იმისა, რაც ყოველთვის ხელმისაწვდომია ქვეყნისთვის, რომლის წინააღმდეგაც აგრესია განხორციელდა, – ყოველთვის შეგიძლია დანებდე, ყოველთვის შეგიძლია დათმო ის, რაც მეორე მხარემ მიითვისა. მაგრამ, ეს არ წყვეტს პრობლემას, რამდენადაც როგორც კი პუტინის და მისი მრჩევლების შეფასება დადასტურდება, რომ შეგიძლია მეორედ შეიჭრა და ამას არ მოყვება უარყოფითი შედეგები, ის საფუძველს უყრის მესამე შეჭრას და საფუძველს უყრის რუსეთის თავდასხმებს, საბჭოთა კავშირის სხვა ყოფილ შემადგენელ ნაწილებზე.
ამერიკის ხმა: ელჩო ბოლტონ, ეს ის არის, რისი მოლოდინიც თქვენ გაქვთ. მაგრამ, ასევე ვხედავთ მრავალფეროვნებას რესპუბლიკურ პარტიაში. ვნახეთ კონგრესის მიერ დამტკიცებული უკრაინის დახმარება, – ორპარტიული უმრავლესობით. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამას შეიძლება გავლენა ჰქონდეს, არჩევის შემთხვევაში დონალდ ტრამპის იმგვარ შესაძლო პოლიტიკაზე, როგორსაც თქვენ წარმოაჩენთ?
ბოლტონი: ვფიქრობ, ბევრი ადამიანი იმედოვნებს, რომ მათ შეუძლიათ ტრამპს მიაწოდონ რჩევები, რაც არ გამოიწვევს უკრაინისთვის ამერიკული დახმარების შეწყვეტას; რჩევები, რომლებიც არ გამოიწვევს კონფლიქტში თეთრი სახლის უსარგებლო ჩარევას და იმედი, რომ ნატოსთვის ზიანის აცილება შესაძლებელია. მე ყველა ამ იმედს ვეთანხმები, მაგრამ ვიცი როგორ იღებს ტრამპი გადაწყვეტილებებს, ის ძალიან არაპროგნოზირებადია.
ის ამას ხედავს პრიზმიდან, რაც მას სარგებელს მოუტანს. ასე რომ, ვფიქრობ, ტრამპის დასარწმუნებლად არგუმენტები არ არის გეოსტრატეგიული არგუმენტები, არ არის უსაფრთხოების ინტერესებზე დაფუძნებული არგუმენტები. ეს არის არგუმენტები, რომელიც ეფუძნება ტრამპის პოლიტიკურ კეთილდღეობას შეერთებულ შტატებში. ვფიქრობ, რომ ამერიკელები კვლავ მხარს უჭერენ უკრაინის დახმარებას. ასე რომ, თუ არგუმენტები შეიძლება ისე იყოს წარმოდგენილი, რომ უკრაინისთვის დახმარების გაწევა, ტრამპს პოლიტიკურად ეხმარება, ეს არსებითად აძლიერებს იმის შესაძლებლობას, რომ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ამერიკის ხმა: ელჩო ბოლტონ, თქვენ საქართველო ახსენეთ. ნატო, ისევე როგორც საქართველოს ყველა სხვა მეგობარი და პარტნიორი ორგანიზაცია თუ ქვეყანა, შეშფოთებულია საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით. მთავარ მიზეზთა შორისაა, ე.წ. „უცხოეთის აგენტის“ კანონის მიღება და ანტიდასავლური, ანტიამერიკული რიტორიკა. ამ ფონზე, როგორ ხედავთ, ნატო-საქართველოს პარტნიორობის მომავალს, ზოგადად, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მომავალს?
ბოლტონი: ვფიქრობ, თქვენ დაინახეთ ბევრი სირთულე უკრაინის ნატოში გაწვერიანების შესახებ დებატებში. ცხადია, უკრაინის მიწაზე უცხო ქვეყნის ჯარია. ნატოს არასდროს მიუღია წევრი ამ მდგომარეობაში, რადგან ამის გაკეთება, მეხუთე მუხლით, ნატოს აგრესორის წინააღმდეგ ომის მდგომარეობაში აქცევს. ამ შემთხვევაში, საქართველოს აქვს მსგავსი პრობლემა, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, სადაც რუსები და რუსეთის მარიონეტული რეჟიმები არიან ჩართული. მართალი გითხრათ, ნატომ დიდი შეცდომა დაუშვა იმით, რომ უკრაინა და საქართველო არ გაწევრიანდა 2008 წელს, როდესაც ჯორჯ ბუშ უმცროსმა, ეს ნატოს ბუქარესტის სამიტზე შესთავაზა. ამასობაში, ვფიქრობ ჩვენ დავკარგეთ დრო და გარკვეული პროგრესი.
საქართველოსთვის ნატოში შესვლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ვფიქრობ, რომ ის დასავლეთის ნაწილია. ის იმსახურებს, იყოს დასავლეთის ნაწილი და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, ვიპოვოთ გზა ამის გასაკეთებლად. მაგრამ, ტრამპის პოტენციური ადმინისტრაციის გათვალისწინებით, უბრალოდ არ ვარ დარწმუნებული, რომ მისი პრიორიტეტი [ნატოში] მეტი წევრის დამატება იქნება. ვფიქრობ, ის ამერიკის ვალდებულებების შესამცირებლად გზებს ეძებს და სამწუხაროდ ვფიქრობ, რომ კრემლი სრულად არის მზად ამით ისარგებლოს.
ამერიკის ხმა: იმავე მიზეზების გამო, რაც ზემოთ ვახსენე, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან ყველა თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო. სავიზო შეზღუდვები დაუწესა ქართველი ოფიციალური პირების ნაწილს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მმართველი პარტია აცხადებს, რომ ე.წ. „გლობალურ ომის პარტიას“, დიდი გავლენა აქვს ამერიკისა და ევროკავშირის ბიუროკრატიაზე და საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ აღიქვამთ ორ ქვეყანას შორის ახლა არსებულ ურთიერთობებს?
ბოლტონი: ცხადია, ამ მომენტში ურთიერთობები არ არის საუკეთესო ფორმაში და ვფიქრობ მართალია, რომ საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება იყო არასწორი, სამწუხარო და საზიანო. მიმაჩნია, რომ როდესაც მეგობრებს შორის უთანხმოებაა, უმჯობესია ეს უთანხმოება არასაჯარო იყოს. იმედი მაქვს, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ხედავს რა ხდება და აცნობიერებს, რომ ეს შეიძლება გაუარესდეს და ეს საქართველოს უფრო დაუცველ მდგომარეობაში დატოვებს.
გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს ადგილი არ შეიძლება იყოს სხვაგან, გარდა ნატოსა და დასავლური სამყაროსი. ეს არის საქართველოს რეალობა. 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში საბჭოთა კავშირში ყოფნის სამწუხარო გარემოებამ, ქართველი ხალხი ამისგან არ უნდა დააშოროს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ რუსულმა კავშირებმა, საქართველოში ან სომხეთსა თუ აზერბაიჯანში, კავკასიის რომელიმე ქვეყანაში, მათი არა საბჭოთა კავშირში, მაგრამ რუსეთის იმპერიაში დაბრუნება გამოიწვიოს.
ასე რომ, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკასთან დაკავშირებით პრობლემები არის, ეს ეჭვგარეშეა. მაგრამ, მე ამ პრობლემებთან დამაკმაყოფილებელ გამკლავებას, დახურულ კარს მიღმა ვარჩევდი.
ამერიკის ხმა: თითქმის ერთი წლის წინ, საქართველომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გამოაცხადა. საქართველოს მთავრობამ ასევე გამოაცხადა, რომ ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტი ჩინური ინვესტიციებით აშენდება. გვახსოვს, რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, 2019 წელს, იმჟამინდელმა სახელმწიფო მდივანმა პომპეომ, ამ პროექტის დასრულების იმედი გამოთქვა და თქვა, რომ ამგვარი პროექტები, საქართველოს დაეხმარება, არ მოექცეს რუსეთის და ჩინეთის გავლენის ქვეშ, რომლებიც, მისი თქმით, თავს საქართველოს მეგობრებად წარმოაჩენენ, თუმცა, საქართველოს საუკეთესო ინტერესებს არ გამოხატავენ. რა რისკებს ან სარგებელს ხედავთ საქართველოსთვის, ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაში?
ბოლტონი: მე ვერ ვხედავ რაიმე რეალურ სარგებელს საქართველოსთვის. არ ვიცი, რატომ შეიძლება სურდეს საქართველოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა. როდესაც კავკასიას ვსტუმრობდი, 2019 წელს, როცა თეთრ სახლში ვიყავი, ამ საკითხზე ჩვენ გვქონდა საუბარი [საქართველოს] მაშინდელ ხელისუფლებასთან. მას შემდეგ აშკარაა, რომ რუსეთ-ჩინეთის ახალი ღერძი, ცივი ომის დროს, ჩინეთისა და საბჭოთა კავშირის ალიანსს გვახსენებს. საქართველოს უკვე აქვს საზღვარი რუსეთთან და ფაქტობრივად, უკრაინის ომის გამო რუსეთში ჩინეთის გავლენის გათვალისწინებით, საქართველო ძალიან ახლოსაა საზღვარი ჰქონდეს ჩინეთთანაც. ეს არ არის საზღვარი, რომლის ქონაც შეიძლება თქვენ გსურდეთ. ჰკითხეთ ქვეყნებს, რომლებსაც არ შეუძლიათ ჩინეთის გეოგრაფიულად დაშორდნენ, როგორიცაა ინდოეთი და ვიეტნამი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები. ასე რომ, ვფიქრობ, ეს უბრალოდ ხაზს უსვამს, რომ ჩინეთი, „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის, სესხის დიპლომატიის და გულწრფელად რომ ვთქვა, აშკარა კორუფციის გზით, საქართველოს მსგავსი ქვეყნების სტრატეგიულ ურთიერთობაში მიზიდვას ცდილობს. ეს საქართველოსთვის კარგ შედეგს ვერ გამოიღებს.
ამერიკის ხმა: ელჩო ბოლტონ, ისევ -საქართველოს ურთიერთობებს რომ დავუბრუნდეთ, იმის გათვალისწინებით, რომ ვაშინგტონს, ასევე ბრიუსელს, აშფოთებს საქართველოს მიერ განცდილი დემოკრატიის უკუსვლა, როგორც ვაშინგტონი აცხადებს, „კრემლით შთაგონებული“ კანონის მიღება, ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა, – თუ ვიხილავთ, რომ შეერთებულ შტატებში ადმინისტრაცია შეიცვლება, ფიქრობთ, რომ საქართველოს მიმართ ამჟამინდელი პოლიტიკა გადაიხედება? მათ შორის ის, რომელიც ახლახან სახელმწიფო დეპარტამენტმა შემოიღო და საქართველოსთან თანამშრომლობის გადახედვას გულისხმობს.
ბოლტონი: თუ გავითვალისწინებთ ვლადიმირ პუტინთან დონალდ ტრამპის ურთიერთობას, ძალიან მაწუხებს, რომ საქართველოში რუსეთის გავლენის გაზრდას ის უფრო დიდი კეთილგანწყობით შეხედავს, რაც ვფიქრობ ძალიან არასასურველია. ეს მაწუხებს. გახსოვდეთ, ტრამპმა ისტორიისა და გეოგრაფიის შესახებ ბევრი არაფერი იცის. ერთხელ, მან თეთრი სახლის მაშინდელ აპარატის უფროს ჰკითხა, იყო თუ არა ფინეთი ისევ რუსეთის ნაწილი. ის მიდრეკილია იმის მიმართ, თუ რას იტყვის ვლადიმირ პუტინი რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე და ის შეიძლება რუსეთის მხარეზე გამოვიდეს. ასე რომ, ვფიქრობ წინ, პოტენციურად, ძალიან საშიში პერიოდია.
ამერიკის ხმა: ასეთი მოლოდინები გაქვთ მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, საქართველოსთან მისი ადმინისტრაციის აქტიური ჩართულობა ვიხილეთ? ახლახან აღნიშნეთ, რომ როცა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მის მრჩევლად მსახურობდით, საქართველოს სტუმრობდით. ასევე გვახსოვს იმჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსისა და სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ვიზიტი თბილისში. ასევე, გადაწყვეტილება საქართველოსთვის ჯაველინების გამარტივებული წესით მიწოდების შესახებ.
ბოლტონი: როცა საქართველოში წავედი, ვფიქრობ, ტრამპმა არ იცოდა, რომ მე იქ ვიყავი. ეს ერთი მიზეზია, რის გამოც არ ვფიქრობ, რომ ეს გაგრძელდება. არ არსებობს გარანტია, რომ პომპეო ტრამპის ადმინისტრაციაში მეორე ვადით დაბრუნდება. და როგორც ვთქვი, ვფიქრობ, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრამ, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ტრამპის აზროვნებაზე. ვფიქრობ, ამან ის პუტინთან დაახლოვა. შეიძლება ამის გაგება რთული იყოს, ვერ ავხსნი რატომ, მაგრამ ვღელავ უკრაინაზე, ვღელავ საქართველოზე და მაწუხებს საბჭოთა კავშირის ყველა ყოფილი ნაწილის ბედი, თუ ტრამპს ხელახლა აირჩევენ.