ბოლო 2 წელში თბილისში ბინების გასაყიდი საშუალო ფასი 1მ2-ზე $1320-მდე გაიზარდა, ქირის კი $9.7-მდე შემცირდა

2024 წელს თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ტურბულენტური გარემოს მიუხედავად, ბინების ჯამური გაყიდვები წლიურად 1%-ით გაიზარდა. ამასთან, მიწოდების მხარეს, მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად 6.7%-ით შემცირდა რეკორდულად მაღალი 2023 წლის შემდეგ, თუმცა კვლავ მაღალ ნიშნულზეა. საშუალო ფასი დოლარში პირველად ბაზარზე 2024 წელს 11.6%-ით გაიზარდა, თუმცა ფასების ზრდის ტემპი წინა წლებთან შედარებით შენელდა.
2025 წელს მოთხოვნის შენელებაა მოსალოდნელი შიდა პოლიტიკური არასტაბილურობის გამო – ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებული შენელება, ლარის გაუფასურება და იჯარის შემოსავლიანობის მოსალოდნელი შემცირება უძრავი ქონების მოთხოვნაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები იქნება.
თბილისში ქირის ფასები 2024 წელს მეტწილად სტაბილური იყო, კვადრატულ მეტრზე 10 აშშ დოლარის ფარგლებში. ეს ტენდენცია დეკემბერშიც შენარჩუნდა და თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 მ2) ქირის ფასმა კვადრატულზე 9.7 აშშ დოლარი შეადგინა. ეს წლიური 9.0%-იანი შემცირებაა და 17.9%-იანი შემცირება 2023 წლის მარტში დაფიქსირებული პიკური მაჩვენებლიდან (11.8 აშშ დოლარი კვადრატულ მეტრზე).