“ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში არ შემოსულა არცერთი სერიოზული ინვესტორი და არ შექმნილა არცერთი მნიშვნელოვანი ახალი კომპანია” – გიორგი ბაჩიაშვილი (bm.ge)
გიორგი ბაჩიაშვილი, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, “ანალიტიკას” ეთერში ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას ხაზს უსვამს იმას, რომ ივანიშვილი საქართველოში არასდროს ყოფილა რეალური ბიზნესმენი. ბაჩიაშვილის თქმით, ივანიშვილი „ბიზნესის“ სახელით კორუფციას, ქოლცენტრების მფარველობას და გაურკვეველი ტრანზიტების მფარველობას ეწეოდა და მისთვის მთავარი პრიორიტეტი იყო სისტემური გავლენებით ეკონომიკის კონტროლი და ფულის მარტივი გზებით შოვნა.
ბაჩიაშვილი განმარტავს, რომ ივანიშვილს არ შეუქმნია ახალი, ეფექტური ბიზნესი, არ დაუნერგავს ინოვაციური მიდგომები და არ გაუზრდია კომპანიების ღირებულება, ხოლო რა პროექტებსაც თანაინვესტირების ფონდი ახორციელებდა, მათი მართვა ხდებოდა დამოუკიდებლად თავად გიორგი ბაჩიაშვილის მიერ.
“ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა კორუფციას საქართველოში, როდესაც მის მიერ იაფად ნაყიდ მიწებზე ზრდიდა კოეფიციენტებს და ამას შემდეგ ყიდდა; როდესაც მფარველობდა სხვადასხვა ქოლცენტრებს, ამდენ გაურკვეველ ტრანზიტებს და ასე შემდეგ. ეს არის მისი ბიზნესი. მას რეალური ბიზნესი საქართველოში არ აქვს.
თანაინვესტირების ფონდში ჩვენ გავაკეთეთ პროექტები, თუმცა ის არ აკეთებდა ამ ბიზნესს, მე ვაკეთებდი.
ბიძინა ივანიშვილს საქართველოში ბიზნესი არ გაუკეთებია, ის ახორციელებდა რეკეტს, კორუფციას,”- განაცხადა ბაჩიაშვილმა ინტერვიუში.
გიორგი ბაჩიაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდებოდა ბიზნესი, რადგან ფულის შოვნის ბევრად უფრო მარტივი და ნაკლებად გამჭვირვალე საშუალებები ჰქონდა. მისი საქმიანობის საფუძველი იყო პოლიტიკური გავლენები. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში არ შემოსულა არცერთი სერიოზული ინვესტორი და არ შექმნილა არცერთი მნიშვნელოვანი ახალი კომპანია.
წყარო: bm.ge
