ბოლო 10 წელში ყველაზე მეტი ხანძარი საქართველოში 2017 წელს დაფიქსირდა – როგორია მონაცემები წლების მიხედვით

ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა საზოგადოებისა და გარემოსთვის – ტყის ხანძრებია. ბოლო რამდენიმე წელია, რაც სეზონის დაწყებისთანავე ტყის ხანძრებთან გასამკლავებლად აუცილებელი ხდება ყველა შესაძლო რესურსის მობილიზება. თუმცა პრობლემა სეზონის დადგომამდეც აქტუალურია, რასაც „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიც მოწმობს.
მიმდინარე წლის I და II კვარტალში საქართველოში 5985 ხანძარი დაფიქსირდა. „საქსტატი“-ის ინფორმაციით, ხანძრებს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 122 დაშავდა. ამასთან, ხანძრისგან განადგურდა 253 შენობა-ნაგებობა და დაიღუპა 10 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.
2023 წლის ორ კვარტალში ხანძრების რაოდენობამ 5 137 შეადგინა. დაღუპულთა რიცხოვნობამ 27, ხოლო ტრავმირებულთა რაოდენობამ 99 შეადგინა. რაც შეეხება ხანძრისგან განადგურებული შენობა–ნაგებობის რაოდენობას და დაღუპულ მსხვილფეხა პირუტყვს, მათი რაოდენობა შესაბამისად 193-ს და 35-ს გაუტოლდა.
რაც შეეხება წინა წლების ანალოგიური პერიოდის მონაცემებს, 2022 წლის ორ კვარტალში ხანძრების რაოდენობამ 5 574 შეადგინა. დაღუპულთა რიცხოვნობამ 32, ხოლო ტრავმირებულთა რაოდენობამ 98 შეადგინა. რაც შეეხება ხანძრისგან განადგურებული შენობა–ნაგებობის რაოდენობას და დაღუპულ მსხვილფეხა პირუტყვს, მათი რაოდენობა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია და შესაბამისად 195-ს და 28-ს გაუტოლდა. 2022 წელს ჯამში 13 273 ხანძარი იყო, რომლის დროსაც 59 ადამიანი დაიღუპა.
სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ბოლო 10 წელიწადში ტყის ხანძრის ყველაზე მეტი შემთხვევა 2017 წელს მოხდა და 15 222 შეადგინა. ამ წელს ხანძარი იყო ბორჯომის ტყეში, აბასთუმნის ტყეში, ასევე ხანძარი რამდენჯერმე გაჩნდა მაღალმთიან აჭარაშიც. ხანძრის შედეგად ყველაზე მეტი, 79 ადამიანი 2017 წელს დაიღუპა. ხანძრისგან განადგურებული შენობა–ნაგებობის რაოდენობამ კი მაქსიმუმს 2014 წელს მიაღწია.