ბოლო 10 წელიწადში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 196%-ით გაიზარდა

2013 წლიდან 2022 წლამდე საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 196%-ით გაიზარდა (1.48 მილიარდი დოლარიდან 4.4 მილიარდ აშშ დოლარამდე).
PMSG- ის ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, ფულადი გზავნილების წლიური მოცულობის ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა 2021 წლიდან 2022 წლამდე (86%). 2022 წელს მნიშვნელოვანი ზრდა განპირობებული იყო დან ფულადი გზავნილების თვალშისაცემი ზრდით (0.41 მილიარდი აშშ დოლარიდან 2.1 მილიარდ აშშ დოლარამდე).
ბოლო ათწლეულში საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება ფულად გზავნილებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2013 წლიდან 2022 წლამდე ფულადი გზავნილების ოდენობა, როგორც მშპ-ს წილი, 11%-დან 16%-მდე გაიზარდა.
„2020 წლიდან ფულადი გზავნილები ექსპორტიდან შემოსავლების შემდეგ უცხოური ვალუტის შემოდინების სიდიდით მეორე წყარო გახდა. 2013 წლიდან 2022 წლებში საშუალო თვიური ფულადი გზავნილი ფულადი გზავნილების მიმღები შინამეურნეობისთვის 573 ლარს შეადგენდა, თვიური შემოსავლის- 41%-ს.
2022 წელს, ფულადი გზავნილების მოცულობის 86%-იანი ზრდის მიუხედავად, მიმღები შინამეურნეობების საშუალო თვიური ფულადი გზავნილები მხოლოდ 6%-ით გაიზარდა, რაც მიუთითებს ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდის მცირე გავლენას მიმღებ შინამეურნეობებზე. ბოლო ათწლეულში, ფულადი გზავნილების მიმღები შინამეურნეობების საშუალო შემოსავალმა 1,398 ლარი შეადგინა, რაც 28%-ით აღემატება იმ შინამეურნეობების საშუალო თვიურ შემოსავალს, რომლებიც არ იღებდნენ ფულად გზავნილებს.
ბოლო ათწლეულში, 14 პროცენტული პუნქტით ნაკლები ფულადი გზავნილების მიმღები შინამეურნეობები იღებდნენ შემოსავალს დაქირავებული დასაქმებიდან იმ ოჯახებთან შედარებით, რომლებიც არ იღებენ ფულად გზავნილებს. რაც მიუთითებს იმაზე, რომ ფულადი გზავნილები, შესაძლოა, უარყოფითად მოქმედებს ემიგრანტების ოჯახის წევრების დასაქმების მოტივაციაზე. ან, შესაძლოა, რომ ამ შინამეურნეობებში შრომისუნარიანი წევრები ემიგრაციაში არიან.
გასულ ათწლეულში ფულადი გზავნილების მიმღები შინამეურნეობები 4%-ით ნაკლებს ხარჯავდნენ საბაზისო მოთხოვნილებებისათვის, ხოლო 5%-ით მეტს- დანაზოგის, ფულის გასესხებისა და ქონების შეძენისათვის იმ შინამეურნეობებთან შედარებით, რომლებიც არ იღებენ ფულად გზავნილებს. ეს შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ ფულადი გზავნილები ხელს უწყობს მიმღები შინამეურნეობების შემოსავლის ნამატის შექმნას, რაც საშუალებას აძლევს მათ, მეტი სახსრები გამოყონ ფინანსური უსაფრთხოებისა და აქტივების შექმნისათვის“, – ნათქვამია მიმოხილვაში.

ასევე დაგაინტერესებთ