ოქროს საერთაშორისო ბირჟებზე ფასების მერყეობა ფიქსირდება. ბოლო 1 თვეში, ოქროს გლობალური ფასი 9 პროცენტით გაიზარდა და ამჟამად, 1 უნცია ძვირფასი მეტალის ღირებულება 2002 დოლარს შეადგენს. დარგის ექსპერტების თქმით, ბოლო 1 კვირაშიც ოქროს ფასები ზრდის მიმართულებით არის დაკორექტირებული.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „გალტ & თაგარტის“ უფროსმა ანალიტიკოსმა გიორგი ბერბერაშვილმა განუცხადა, ოქროს გაძვირების მთავარი მიზეზი საერთაშორისო ბირჟაზე მასზე გაზრდილი მოთხოვნაა, რაც თავის მხრივ გეოპოლიტიკურ მოვლენებთან არის პირდაპირ კავშირში.
„ზოგადად, გეოპოლიტიკური რისკების ზრდის ფონზე, კრიზისისგან თავის დასაზღვევად ინვესტორები დაბალრისკიან აქტივებს ირჩევენ და მათ შორის არის ოქრო, რომელიც კრიზისისგან ჰეჯირების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა. შესაბამისად, ბოლო პერიოდში ოქროს გაძვირების მთავარი განმაპირობებელი მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომი, ახლო აღმოსავლეთში დაწყებული კონფლიქტი და აშშ-სა და ჩინეთს შორის გეოპოლიტიკური ურთიერთობების გაუარესებაა. ასეთ კრიზისულ ვითარებაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინვესტორები თავის დასაზღვევად ოქროს ყიდულობენ“, – აღნიშნა გიორგი ბერბერაშვილმა.
მისივე თქმით, ბუნებრივია, ოქროზე საერთაშორისო ფასების ცვლილებას გავლენა აქვს ხოლმე საქართველოზეც.
„ადგილობრივ ბაზარზე ოქროს საერთაშორისო ფასები ასახვას, დაახლოებით, 2-3 კვირიან პერიოდში ჰპოვებს ხოლმე. როგორც იცით, ოქროთი მოვაჭრეებს აქვთ ოქროს გარკვეული მარაგები, რომლებიც ძველ ფასშია შეძენილი“, – განმარტა გიორგი ბერბერაშვილმა.
ცნობისთვის, წინა წელთან შედარებით, ოქროს საერთაშორისო ფასი მნიშვნელოვნად გაზრდილია, 2022 წლის განმავლობაში ის ძირითადად 1800 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, თუ არ ჩავთვლით გასული წლის დასაწყისს, როცა რუსეთ უკრაინის ომის დაწყების გამო, გარკვეული პერიოდი, ოქროს ფასი 2000 დოლარს გადასცდა. ბოლო წლების მაქსიმუმი კი პანდემიის პერიოდში დაფიქსირდა, როდესაც 2020 წელს, 1 უნცია ოქროს ღირებულება 1400 დოლარიდან 2400 დოლარამდე გაიზარდა.