ბოლო წუთებამდე ბრძოლაში – “ბორჯღალოსნები” “ჩიტასთან” დამარცხდნენ

დღეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სამხრეთ აფრიკის ქალაქ ბლუმფონტეინში, „ტოიოტა სტეიდიუმზე“ იქაურ კლუბს, „ჩიტასს“ დაუპირისპირდა და თანაბარ ბრძოლაში დამარცხდა.
ჩიტასი 24-20საქართველო
ლელოები:19, 74, მახაზა; 31, ბრიცი — 40+1, 42, აფციაური გარდასახვა:იასპერი(3/3) — აბჟანდაძე(2/2)ჯარიმა :იასპერი(1/1) — აბჟანდაძე(2/2)
შეხვედრის პირველი 18-20 წუთი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ორივე გუნდი შეცდომებს უშვებდა, მაგრამ ძირითადად ეს ყველაფერი ქართველთა ნახევარზე ხდებოდა. მე-19 წუთზე სამხრეთაფრიკელი გარემარბების წყალობით ანგარიში გაიხსნა: ცენტრში შემოწეულმა ბენი ბრიცმა „ბორჯღალოსნების“ დაცვის ხაზი გაარღვია და ბურთი მარჯვნივ ნტოკოზო მახაზას გადააწოდა, რომელსაც ლელოს დადება აღარ გასჭირვებია.
თამაშის განახლებისთანავე ლელოს გატანის შანსი მოგვეცა, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ. 31-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე მეტოქის ათიანმა ეთან უენტსელმა ბურთი ფეხით შეგვიცურა, რომელსაც ბენი ბრიცი თავისი კარგი სისწრაფის ხარჯზე დაეწია და ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. თითქოს, პირველი ორმოცი წუთი ასეც უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ბოლო შეტევაში სრული კონცენტრაცია მოვიკრიბეთ და მიძალებების შემდეგ ფრთაზე გატანილი ბურთი შალვა აფციაურმა ჩათვლის მოედანში დაამიწა.
მეორე ნახევრის პირველივე წუთზე მასპინძლები ჩვენს 5-მეტრიან ზონაში აღმოჩნდნენ , მაგრამ შეტევისას მათი პასი აფციაურმა ჩაჭრა და მთელი 80 მეტრის დაფარვის შემდეგ მეორე ლელო მიითვალა. აქედან მალევე ჩვენს ნახევარზე სამხრეთაფრიკელებმა ჯარიმა გამოიმუშავეს და კვლავ წინ გაიჭრნენ, ამჯერად – სამი ქულით. ლელოს დადების წარუმატებელი მცდელობების შემდეგ, „ბორჯღალოსნების“ ისტორიაში რიგით 37-ე კაპიტანმა გადაწყვიტა, რომ ქულება თავად გამოემუშავა და თედო აბჟანდაძემ ჯერ 58-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, 4 წუთის შემდეგ კი მატჩში პირველად დავწინაურდით.
დანარჩენი წუთები კვლავ გარდამალი უპირატესობით წარიმართა. 74-ე წუთზე აფრიკელებმა მარჯვენა ფლანგზე მეტობა შეიქმნეს და მახაზას შეჩერება ვერც ამჯერად მოხერხდა. მათი დამრტყმელი ქოენ იასპერი ყოველ ჯერზე ზუსტი გამოდგა. ბოლო წუთზე ვუტევდით კიდეც, მაგრამ ბურთი დაიკარგა და „ჩიტასმა“ თავისი დაარსებიდან 130 წლის იუბილე გამარჯვებით აღნიშნა.
პირველ ტაიმში „ჩიტასის“ მოთამაშეებმა, ხაზზე კარგ თამაშთან ერთად, ფიზიკურ კონტაქტშიც დაგვჯაბნეს: მოლში ბურთს გვიჭედავდნენ და უპირატესობას რაქშიც ფლობდნენ. შესვენების შემდეგ კი „ჩიტასი“ ამ კომპონენტშიც შედარებით გავანეიტრალეთ, შეცდომებიც დავაშვებინეთ და ხაზზე თამაშიც გამოვასწორეთ, მაგრამ ეს თამაშის მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა…
საბოლოო ჯამში, იმის თქმა შეგვიძლია, რომ გადახალისებული შემადგენლობით სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი დომინანტის გუნდის ძირითად ბირთვს ტოლ-სწორად ვეთამაშეთ, რაც ძალზედ დასაფასებელია!
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ივლისის დასკვნით ტესტ-მატჩს 19 ივლისს, ნელსფრუიტში, „მბომბელა სთეიდიუმზე“ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის, სამხრეთ აფრიკის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც თბილისის დროით 19:10 საათზე დაიწყება.
შემადგენლობები:
საქართველო
შერკინება: 1. გიორგი თეთრაშვილი(პერპინიანი), 2. ირაკლი ქვათაძე(შავი ლომი), 3. ალექსანდრე ქუნთელია(ლა როშელი), 4. გურამ ღანიაშვილი(შავი ლომი), 5. დემურ ეფრემიძე(შავი ლომი)*, 6. სანდრო მამამთავრიშვილი(შავი ლომი), 7. გიორგი ცუცქირიძე(შაბი ლომი), 8. ილია სპანდერაშვილი(ვალანსი)
ხაზი: 9. თენგიზ პერანიძე(შავი ლომი), 10. თედო აბჯანდაძე(ორიაკი, კაპ.), 11. ოთარ მეტრეველი(შავი ლომი)*, 12. გიორგი ხაინდრავა(ბორდო), 13. თორნიკე კახოიძე(შავი ლომი), 14. შალვა აფციაური(შავი ლომი), 15. დაჩი პაპუნაშვილი(ორიაკი)სათადარიგო: 16. ვახტანგ ჯინჭარაძე(მონტობანი)*, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი(შავი ლომი), 18. ბექა გიგაშვილი(ტულონი), 19. მიხეილ ბაბუნაშვილი(შავი ლომი), 20. ლუკა ივანიშვილი(შავი ლომი), 21. ვასილ ლობჟანიძე(ოიონა), 22. ლუკა მატკავა(კასტრი), 23. დემურ თაფლაძე(შავი ლომი)
მთავარი მწვრთნელი: რიჩარდ ქოქრილი(ინგლისი) * – დებიუტანტი
ჩიტასი
შერკინება: 1. ჰერკუს ვან ვიკი, 2. მარკო იანსე ვან რენსბურგი, 3. ფრენკი დოს რეისი, 4. პიტერ იანსენ ვან ვიურენი, 5. ვიქტორ სეკეკეტე(კაპ.), 6. გიდეონ ვან დერ მერვე, 7. პიერ რაიმონდ იუსი, 8. ნეელს ვოლშენკი
ხაზი: 9. რეუან კრუგერი, 10. ეთან უენტსელი, 11. ბენი ბრიცი, 12. ალი მგიჟიმა, 13. მარკო იანსენ ვან ვიურენი, 14. ნტოკოზო მახაზა, 15. ქოენ იასპერისათადარიგო: 16. ვერნონ პაულო, 17. კამერონ დოსონი, 18. ბენ პიტუ, 19. სისონკე ვუმაზონკე, 20. დენიელ მაარტენსი, 21. იანდრე ნელი, 22. კარელ იან კოეტზეე, 23. კლეიტონ ბლუმეტიე
მთავარი მწვრთნელი: რუან პიენარი(სამხრეთ აფრიკა)
მსაჯი: კრისტოფერ ალისონი(სამხრეთ აფრიკა), გვერდითი მსაჯები: ტიაან ენგელბრეხტი და ეშტონ ოქჰიუსი(ორივე სამხრეთ აფრიკა), ვიდეო რეფერი: ედრიან ჯეიკობსი(სამხრეთ აფრიკა)
სპეციალურად საიტისთვის მოამზადა ცოტნე ლომსაძემ
“ბორჯღალოსნები” | მომავალი მეტოქე – “ჩიტასი”
ჯალაღონიას ლელო – “ბორჯღალოსნები” ირლანდიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდნენ
ირლანდიასთან მატჩში “ბორჯღალოსნების” შემადგენლობა ცნობილია
“ბორჯღალოსნები” | მომავალი მეტოქე – “ჩიტასი”
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ